logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: თუ პეტრიაშვილი გადადგება, მეც მოვხსნი ჩემს კანდიდატურას!
- +

12 სექტემბერი. 2017. 15:29



კულტურის პალატის პრეზიდენტმა და გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით ოქიტაშვილმა, „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე გაერთიანებული პროფკავშირების ამჟამინდელ თავმჯდომარეს ირაკლი პეტრიაშვილს მოუწოდა გადადგომისაკენ, რის შემდეგაც თავადაც მოხსნის საკუთარ კანდიდატურას.


„თუ პეტრიაშვილი გადადგება, მეც მოვხსნი ჩემს კანდიდატურას გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობის პოსტიდან. ჩვენ საქმე გვაქვს კრიმინალთან. თუ პეტრიაშვილს არ ეშინია, გადადგეს და დაველოდოთ იუსტიციის სამინისტროს, საქალაქო სასამართლოსა და პროკურატურას, განიხილონ ეს საკითხი და მოაქციონ სამართლებრივ ჩარჩოში, ყრილობა ჩატარდეს გამჭვირვალედ და არა დარღვევებით. მზად ვარ, მოვხსნა კანდიდატურა, თუ ის გადადგება. ვინ იქნება პროფკავშირის თავმჯდომარე, მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ მას ჩამოვხსენით ნიღაბი და დავანახვეთ საზოგადოებას მისი ნამდვილი სახე. ჩემი ამ განცხადებით მე მას მივანიშნებ, რომ პროფკავშირების თავმჯდომარეობა ჩემთვის არ იყო მთავარი, ჩემთვის მთავარი იყო, საზოგადოებას დაენახა, რასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა ოქიტაშვილმა.

 

პრესკონფერენციაზე ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელობის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე ისაუბრა. ხაჭაპურიძის განმარტებით, საქალაქო სასამართლოში სარჩელი ყრილობის წესთან დაკავშირებით უკვე შეტანილია და დაიწყება საქმის განხილვის პროცესი.


„დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართეთ სარჩელით გაერთიანებული პროფკავშირების მიერ ყრილობის ჩატარების საკითხთან დაკავშირებით. დავაყენეთ საკითხი, რომ პროფკავშირების ხელმძღვანელობას არ გადმოუცია დელეგატების სია. გვეუბნებიან, რომ დელეგატების ვინაობა კონფიდენციალურია. ასევე, დავაყენეთ საკითხი, რამდენად კანონიერად ხდება ყრილობის მოწვევა და მისი ჩატარება. გარდა ამისა, სარჩელში წამოჭრილია სხვა სამართლებრივი საკითხები, რომლებიც აშკარა შეუსაბამობაში მოდის მოქმედ კანონმდებლობასთან", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.


შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მხოლოდ საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანით არ შემოიფარგლება და ორგანიზაციის წესდებასთან დაკავშირებით მიმართავს იუსტიციის სამინისტროსა და ასევე თბილისის პროკურატურას შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით.


„განხორციელებულია გარკვეული ცვლილება წესდებაში და რამდენიმე მუხლი წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან. ჩვენ ვაპირებთ იუსტიციის სამინისტროში მისვლას, მივმართავთ განცხადებით იუსტიციის მინისტრს, რომ მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ დარღვევებზე. ჩვენი მთავარი მიზანია, საქართველოს დავუბრუნოთ ქართული პროფკავშირები. საქალაქო სასამართლოსა და იუსტიციის სამინისტროს უკვე მივმართეთ, ხვალ მივმართავთ პროკურატურას. ამ დღეების განმავლობაში, როდესაც დავით ოქიტაშვილი გააქტიურდა, მოვიდა წერილობითი მასალები მოსახლეობიდან, სადაც იკვეთება დანაშაულები, რაც გულისხმობს ქონების მითვისება-გაფლანგვას, უკანონო სამეწარმეო საქმიანობასა და ა.შ." - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner