შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ ყაზბეგში, მყინვარწვერზე მყოფ ტურისტს, რომელსაც ქვედა კიდურის მოტეხილობა აღენიშნებოდა, დახმარება ესაჭიროებოდა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სამთო მაშველებმა შეტყობინების მიღებისთანავე მყისიერი რეაგირება მოახდინეს. 4 500 მეტრ სიმაღლეზე მყოფი უცხოელი ტურისტი, რთული რელიეფის მიუხედავად, საკაცით ვერტმფრენამდე უსაფრთხოდ მიიყვანეს.
სამაშველო ჯგუფთან ერთად, ექიმიც იმყოფებოდა, რომელმაც დაზარალებულს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწია.
შსს-ს სამთო მაშველებმა, წარმატებით ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, უცხოელი ტურისტი ყაზბეგის საავადმყოფოში უვნებლად გადაიყვანეს.