მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმეზე ჯაშუშობის ბრალდებით მსჯავრდებულების - დავით ლონდარიძის, გიორგი გორელაშვილის და სერგეი ჩაპლიგინის მიმართ 2011 წლის 25 ოქტომბერს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და სამივე პირი გაამართლა. პროკურატურამ ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო შუამდგომლობით, სამივე პირის მიმართ განაჩენის გადასინჯვა მოითხოვა. აღნიშნულ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის და ე.წ. „ჯაშუშების" საქმეზე ახალი გარემოება მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბაჩანა ახალაიას თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში - იმდროინდელი სამხედრო პოლიციისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირების - მეგის ქარდავას, ალექსანდრე მუხაძის, ოლეგ ფაცაციას და ვიქტორ ყაჭეიშვილის მონაწილეობით და ორგანიზებით, „ჯაშუშობის" ბრალდებით დაკავებული პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე, დავით ლონდარიძე, გიორგი გორელაშვილი და სერგეი ჩაპლიგინი, არარსებული დანაშაულის აღიარების მიღების მიზნით აწამეს, ხოლო სერგო თეთრაძის მიმართ დამატებით განხორციელდა სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზება, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული ზემოხსენებული გადაწყვეტილებისა და შეკრებილი სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს მსჯავრდებულების - გიორგი გორელაშვილის, დავით ლონდარიძისა და სერგეი ჩაპლიგინის მიმართ „ჯაშუშობის" ბრალდებით გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის, გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებისა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენის მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ სრულად გაიზიარა პროკურატურის არგუმენტები და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობა დააკმაყოფილა. გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო მის ნაცვლად მსჯავრდებულების, დავით ლონდარიძის, გიორგი გორელაშვილისა და სერგეი ჩაპლიგინის მიმართ დადგენილი იქნა გამამართლებელი განაჩენი.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სერგო თეთრაძის, დავით ლონდარიძის, გიორგი გორელაშვილის და სერგეი ჩაპლიგინის მიმართ ჩადენილი დანაშაულების ორგანიზატორის ბაჩანა ახალაიას მიმართ, წამების და სექსუალური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით, საქმე არსებითად განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში", - ნათქვამია განცხადებაში.