„ახალგაზრდული ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ჩიქოვანი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„ბოლო დროს საკმაოდ გააქტიურდნენ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დე-ფაქტო მთავრობების წარმომადგენლები, ეს აქტიურობა არც აფხაზეთს და არც სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკას წარმატებას არ მოუტანს. შორს არ არის ის დღე, როდესაც ეს ტერიტორიები დაბრუნდება საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში და იქ გავრცელდება ჩვენი იურისდიქცია. მათი ამჟამინდელი ქმედებები კი გახლავთ გადადგმული ნაბიჯი თვითიზოლაციისკენ. კერძოდ, აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ლიდერმა მიიღო გადაწყვეტილება, შემოიღოს სავიზო რეჟიმი, რომლის ძალითაც მხოლოდ იმ ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ აფხაზეთში უვიზოდ შესვლა, რომელ ქვეყნებსაც აღიარებული აქვთ აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ეს ნაბიჯი ნამდვილად არ არის დიდი ფიქრისა და ანალიზის შედეგად ნაკარნახევი, რადგან ამ შემთხვევაში მნიშვნელოვნად ეზღუდებათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა საერთაშორისო ორგანიზაციებს. (უკიდურეს შემთხვევაში დიდი დისკომფორტი ექმნებათ მათ ამ კანონის ამოქმედებით), ეს ფაქტი კი მხოლოდ და მხოლოდ აფხაზეთის იზოლაციას შეუწყობს ხელს და მის ინტეგრაციას ცივილიზებულ სამყაროსთან შეაფერხებს. თავის მხრივ უგუნური ქმედებით აფხაზეთის ოკუპირებულ რესპუბლიკასთნ შეჯიბრს გვთავაზობს სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკა, მათ სურთ რეფერენდუმი ჩაატარონ საკუთრი „ქვეყნის" ტერიტორიაზე და ამ გზით მოახდინონ რუსეთთან მიერთება. დამეთანხმებით არასერიოზულია, როდესაც გარკვეული ტერიტორია პრეტენზიას აცხადებს დამოუკიდებლობაზე და რეფერენდუმის გზით სურს გახდეს სხვა ქვეყნის ნაწილი. მათი რეფერენდუმისადმი მისწრაფების მიზანი მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული მოვლენების გადაფარვა და მოსახლეობაზე მანიპულირება გახლავთ, რომელიც რეალობის რადიკალურ ცვლილებას ვერ გამოიწვევს, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული რეფერენდუმი არის აბსოლუტურად უკანონო, არალეგიტიმური, ამას არ ცნობს საერთაშორისო თანამეგობრობა. ისინი არ არიან საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. ერთი მხრივ, სავიზო რეჟიმის შემოღებით და რეფერენდუმის გამართვით ისინი ცდილობენ საკუთარ მოსახლეობაში გადაფარონ პროტესტის ტალღა, რომელიც საქართველოს მიღწევებით არის გამოწვეული. მეორე მხრივ, მათ ეშინიათ მოსახლეობის დადებითი დამოკიდებულების საქართველოს მიმართ, რომელიც გამოწვეულია ჩვენს მიერ ბოლო დროს განხორციელებული რეფორმებით და საერთაშორისო მიღწევებით (მაგ: ვიზა-ლიბერალიზაცია) საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილი მოსახლეობა კი, რა თქმა უნდა, რუსეთის შეშფოთებას იწვევს", - აცხადებს ჩიქოვანი.