პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მომავალ კვირაში „ახალი პოლიტიკური ცენტი - გირჩის" წევრებს შეხვდება. მისი თქმით, შეხვედრის ინიციატივა „გირჩს" ეკუთვნის და ისიც სიამოვნებით დათანხმდა.
„მქონდა შეხვედრა არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, მომავალ კვირაში ვხვდები ერთ-ერთ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელ პარტიას. ეს არის „გირჩი". მათ გამოთქვეს სურვილი და მე სიამოვნებით შევხვდები, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვერ შევთანხმდეთ ყველა საკითხზე. არის იდეები, რომლებზეც შეიძლება შევთანხმდეთ და ერთობლივად გავაკეთოთ რაღაცები. მე მგონია, რომ ეს კარგი იქნება.
არ არის კარგი, რომ რომელიმე იდეა მხოლოდ იმიტომ დაიბლოკოს, რომ სხვამ დააანონსა. პირიქით, არავის არაფერი უნდა დავუკარგოთ, სხვათა შორის უნდა ვთქვა, რომ ჯერ კიდევ ეკონომიკის მინისტრობის დროს ზურაბ ჯაფარიძესთან მქონია შეხვედრები, დისკუსიები, რაღაცებში ვთანხმდებით, რაღაცებს შეიძლება ცოტა მეტი დრო სჭირდებოდეს, ვიდრე ზურას ჰგონია და წარმოუდგენია, მაგრამ ჩვენ გვქონდა ურთიერთპატივისცემა. ხედვებში შეიძლება იყოს განსხვავება და იყოს თანხვედრაც. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის დიალოგი იმ ადამიანებთან, პოლემიკა სასარგებლოა ყოველთვის, თუნდაც არ სრულდებოდეს რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.