აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში, ავიაციის მეშვეობით უკვე შეიწამლა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ანჟელში არსებული ფართობები და სიმინდის ნათესები. სამეგრელო-გურიის საზღვარზე ის ტერიტორიები, სადაც შესაძლებელია ავიაციის გამოყენება, ეტაპობრივად დამუშავდება.
ღონისძიებები საავიაციო შეწამვლითი სამუშაოების წესების სრული დაცვით ტარდება. ავიაციით შეწამვლითი სამუშაოების განხორცილებისას, აუცილებელია უსაფრთხოების შესაბამისი ზომების დაცვა, რის შესახებაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მეშვეობით მოსახლეობა წინასწარ იქნება ინფორმირებული.
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები უცხოელი ექსპერტების ჩართულობით მომზადებული სტრატეგიის შესაბამისად ხორციელდება. სტრატეგიის სამოქმედო გეგმის თანახმად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო ქიმიურ წამლობას საკარმიდამო ნაკვეთებსა და დასახლებული პუნქტების მიმდებარედ არსებულ ნარგავებში ივნისიდან ატარებს. მას შემდეგ, რაც მავნებლის გავრცელება ისეთ დიდ მასივებში აღინიშნა, სადაც შესაძლებელია საავიაციო წამლობის ჩატარება, ღონისძიებებში ავიაცია ჩაერთო.
პარალელურად, იქ სადაც საავიაციო სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია, მავნებლის წინააღმდეგ შეწამვლითი ღონისძიებები სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკით, სამანქანე აგრეგატებით გრძელდება.
ამ ეტაპზე, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ 83 ათასამდე ჰექტარი ფართობია დამუშავებული.