ავტორი ალა გრიგალაშვილი
საპარლამენტო არჩევნები, კოალიციიდან გასული პარტიები, „ქართული ოცნების" მთავარი კონკურენტი, Freedom House-ის დასკვნა - ამ საკითხებთან დაკავშირებით „რეპორტიორის" შეკითხვებს ირაკლი სესიაშვილმა უპასუხა. უმრავლესობის დეპუტატთან საუბარი Freedom House-ის ანგარიშით დავიწყეთ, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა:
- Freedom House ძალიან პრესტიჟული ორგანიზაციაა. ის ეყრდნობა რამდენიმე წყაროს, ამიტომ ის შეფასებები, რაც საერთო ჯამში არის წარმოდგენილი, ეყრდნობა განსხვავებულ ინფორმაციებს. აქ არის კრიტიკაც, თუმცა მინდა საზოგადოებამ კომპლექსურად შეხედოს ამ დასკვნას. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველო შედის მსოფლიოს იმ მცირერიცხოვანი ქვეყნების რიცხვში, სადაც დემოკრატიის ხარისხი გაუმჯობესდა. სასიხარულოა, რომ დემოკრატიის გაუმჯობესება განსაკუთრებით აღნიშნულია სასამართლო დამოუკიდებელობის თვალსაზრისით, რაც არის დემოკრატიის მთავარი საფუძველი. რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, მისი დონე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. კონკრეტულად „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია რაც დასკვნაში მოხვდა, არ არის შეფასება, ეს ინფორმაცია ეყრდნობა მხოლოდ ტელევიზიას. ხოლო „რუსთავი 2", ყველასთვის გასაგებია, რა პოლიტიკური ინტერესების მატარებელიცაა. რომ არა პოლიტიკური ინტერესები, მედიის თავისუფლების გაუმჯობესების მაჩვენებელი ძალიან მაღალი იქნებოდა.
- ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთთან შეერთების საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს. შესაძლებელია, რომ რუსეთმა სამხრეთ ოსეთის მიერთება ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებით გადაწყვიტოს?
- ეს არის მორიგი ფარსი და ასეთ რეფერენდუმს დედამიწის ზურგზე არავინ აღიარებს. ისიც ყველასთვის გასაგებია, რომ კრემლის გარეშე ასეთი განცხადებები არ კეთდება. დაახლოებით ასეთი რეფერენდუმები სამხრეთ ოსეთში არაერთხელ ჩატარებულა და მას არავითარი შედეგი არ მოუტანია. ყოველივე გამომდინარეობს კრემლის პოლიტიკური ინტერესებიდან, რომელიც ცდილობს, პოლიტიკურად ნერვები მოგვიშალოს. ჩვენ ამ მორიგ პროვოკაციას უპასუხოდ არ დავტოვებთ. ჩვენი სახელმწიფო ორგანოები ადეკვატურ განცხადებებს გააკეთებენ, მიაწვდიან ინფორმაციას საერთაშორსო ორგანიზაციებს. ასეთ პროვოკაციებს უნდა ველოდოთ, მაგრამ იმედი მაქვს, არჩევნების შემდგომ ასეთი პროვოკაციები ნაკლები იქნება.
- ვიდრე კოალიცია არსებობდა, იყო მოსაზრება, რომ მასში შემავალი პარტიების საგარეო პოლიტიკური ვექტორიდან გამომდინარე ქვეყნის საგარეო ორიენტაცია დაბალანსებული იყო. კოალიციის დაშლის შემდეგ ამ კუთხით რაიმე ცვლილება რამდენად მოსალოდნელია?
- პირიქით ვიტყოდი... „ქართული ოცნება" გავა დამოუკიდებლად არჩევნებზე, დარწმუნებული ვარ, მოიპოვებს უმრავლესობას, ამის შემდეგ პროდასავლური კურსი კიდევ უფრო აშკარა და მკაფიო იქნება. ამ მიმართულებით ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები უფრო მყარი და საფუძვლიანი იქნება. სამწუხაროდ, იყო შემთხვევები, როცა დღევანდელ უმრავლესობაში რიგი დეპუტატები არაჯეროვან განცხადებებს აკეთებდნენ ჩვენს პროდასავლურ არჩევანთან დაკავშირებით, რაც, რა თქმა უნდა, ხელისუფლების საქმიანობაზე არ აისახებოდა, თუმცა გარკვეულ კითხვებს იწვევდა ხოლმე. ამის გამო ხშირ შემთხვევაში უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდნილვართ. ეს დისკომფორტი „ქართულ ოცნებას" სრულად მოეხსნება და ჩვენი კურსი უფრო პროდასავლური იქნება, მე ამის გარანტიას გაძლევთ.
- კოალიციიდან ცალკე გასულ პოლიტიკურ ძალებს რამდენად აქვს მძლავრ, კონკურენტულ ოპოზიციად ჩამოყალიბების შანსი და ვის მიიჩნევთ მმართველი პარტიის მთავარ კონკურენტად?
- „ქართული ოცნების" მთავარი კონკურენტი არის არა რომელიმე პოლიტიკური ძალა, არამედ ის პრობლემები, რაც ქვეყანას აქვს და ასევე საზოგადოების დარწმუნება და მუშაობა მასთან. ჩვენ თუ საზოგადოებას მივუტანეთ და გავაცანით საკმარისად ის, რაც ჩვენ შევძელით და გავაკეთეთ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ამომრჩეველი მხარს დაუჭერს „ქართულ ოცნებას". სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, თავისუფალ მედიასივრცეში ძირითადი მედიასაშუალებები ნეგატივზე მუშაობდნენ, რის გამოც ვერ შევძელით, ბოლომდე მიგვეტანა ჩვენი სათქმელი ჩვენს ამომრჩეველთან, ამიტომ ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს სამუშაო.
კოალიციიდან გასულ პარტიებს კი აქვთ შანსი, გადალახონ ბარიერი. რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციას, იმედი მაქვს, „ნაციონალურ მოძრაობას" ადეკვატურ განაჩენს გამოუტანს ქართველი საზოგადოება. მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანას სიმშვიდეს ვერ მოუტანს, მათი წარსული საშიშია ჩვენი საზოგადოებისთვის!