logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: ერთხელ სააკაშვილმა იკადრა - სოხუმი არასოდეს ყოფილა ჩვენიო...
- +

14 სექტემბერი. 2017. 02:39


 

„ქართული ოცნებიდან" საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ქუთაისის მკვიდრი ომარ ნიშნიანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„აფხაზეთი - ძირძველი ქართული მიწა

 

ერთხელ სააკაშვილმა იკადრა - სოხუმი არასოდეს ყოფილაო ჩვენი, მასზედ სიმღერებიც კი არა გვაქვსო ქართულად. ჰოდა იმ პერიოდში ერთი ჭარმაგი, ყოფილი სამხედრო მფრინავი მუშაობდა ჩემთან ინსტიტუტში, რომელმაც (გაცეცხლებულმა) რამდენიმე სიმღერა გაიხსენა სოხუმზე და აფხაზეთზე... მაგრამ სიმღერაა მარტო? უტყუარი ისტორიული წყაროები ღაღადებენ ჭეშმარიტებას აფხაზეთზე... რაც შეეხება სააკაშვილის ნაბოდვარს, ის, მის მიერ, ისტორიის უცოდინარობაზე კი არ მეტყველებს მარტო, არამედ მისი 2008 წლის ავანტიურის შემდეგ, დამატებით დაკარგული ტერიტორიების, უბადრუკი გამართლების მცდელობაც იყო ამ რეგვენისაგან...

 

ახლა კი მოკლედ ისტორიის შესახებ:

 

დასავლეთ საქ-ოს ის ნაწილი, რომელიც შუა საუკუნეებში აფხაზეთის სახელწოდებით არის ცნობილი, მოიცავდა ტერიტორიას კელასურიდან (ე.წ. კელასურის კედლიდან), რომელიც სოხუმს ეკვრის აღმოსავლეთიდან, ვიდრე ძველ ლაზიკამდე (ნიკოფსიამდე, ახლანდელ ტუაფსემდე). ანუ ახლანდელი აფხაზეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს (სოხუმს, გულრიფშის რაიონის მცირე ნაწილს, გუდაუთისა და გაგრის რაიონებს), სოჭისა და ტუაფსეს მხარეებს.

 

ეს ტერიტორიები, ანუ აფხაზეთი, ისტორიულად ძირეული ქართული ქვეყანაა. ანტიკურ ხანაში და შუა საუკუნეებში იგი დასახლებული იყო ქართველი ტომებით, სახელდობრ აქ მოსახლეობდნენ ქართველ ტომთა სამი შტო: მესხები (იგივე აფხაზები), კოლხები (მეგრელ-ლაზები), და სვანები.

 

დასავლეთ საქ-ოს ისტორია მცდარად არის გაშუქებული ქართულ და აფხაზურ ისტორიოგრაფიაში. სახელდობრ, ის, რომ დას. საქ-ოს აფხაზთა სამეფოს დაარსებასთან დაკავშირებით ის შეხედულებაა მიღებული, ვითომც მერვე საუკუნის მეორე ნახევარში მოხდა დაპყრობა დას. საქართველოსი აფხაზების მიერ (რომლებიც არაქართული წარმოშობის ტომად არის მიჩნეული) და ვითომც ამის შემდეგ მომდევნო 2 საუკუნე (მე-9 და მე-10) ის არის ერთდაგვარი ,,აფხაზური ერა" დას. საქ-ოს ისტორიაში.

 

სინამდვილეში ამის მსგავსი არაფერი მომხდარა.

 

როგორც ირკვევა საისტორიო წყაროების პრეციზული ანალიზიდან, დას. საქ-ოს ქართული სახელმწიფო დაარსებული ყოფილა არა უცხო ტომელთა მიერ, არამედ იგი შექმნილია ქართველი ტომების მიერ და მათ შორის ერთ-ერთი იყო აფხაზთა ქართული ტომი.

 

ხელისუფლება ამ სამეფოსი, დღიდან დაარსებისა, არის გამტარებელი მკვეთრი ქართული სახელმწიფოებრივი პოლიტიკის. ეს გამოიხატება იმაში, რომ ბერძნული ენა, ბიზანტიის ხანგრძლივი ბატონობის გამო რომ იყო გაბატონებული, განდევნილი იქნა და მისი ადგილი დაიკავა ქართულმა. ბერძნული განდევნილი იქნა აგრეთვე ეკლესიიდან და მის მაგიერ ქართული დაემკვიდრა. ქართული ეკლესია ჩამოშორდა კონსტანტინეპოლს და დაუკავშირდა ქართლის (იბერიის) საკათალიკოსოს.

 

ამრიგად, ხანა დას. საქ-ოს აფხაზეთის სამეფოს არსებობისა, ეს არის ეპოქა ქართული სახელმწიფოებრივი პოლიტიკის სრული და საბოლოო გამარჯვებისა დას. საქართველოში.

 

შედეგი ამისა იყო, რომ მე-9-10 საუკუნეებში, უფრო ადრე ვიდრე მოხდებოდა საქართველოს გაერთიანება ერთ სახელმწიფოებრივ ერთეულად, განმტკიცდა ქართველი ხალხის კულტურული ერთიანობა, რაც გახდა წინაპირობა ქართველი ხალხის შემდგომი პოლიტიკური გაერთიანების.

 

ეს არის გამოჩენილი ქართველი მეცნიერის პავლე ინგოროყვას ძირითადი თვალსაზრისი და რომელიც ძალზედ მყარი ისტორიული არგუმენტებით არის გაჯერებული", - წერს ნიშნიანიძე.













 

right_banner right_banner
არქივი
right_banner