logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: არ ვიცი, რა არის ამ უკიდეგანო უმადურობის, უსინდისობის, უზნეობის ნამდვილი მიზეზი...
- +

14 სექტემბერი. 2017. 22:31


პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ყოველი არჩევნების წინ facebook-ი ხდება კიდევ უფრო ბოროტი, დაუნდობელი და სასტიკი, ვიდრე ჩვეულებრივ რეჟიმშია.

თუ კაცს საბავშვო ბაღში აწყენინე, 40 წლის მერე გაგიხსენებს და პოსტს გამოგიცხობს,- პატარაობისას ღამის ქოთანზე არ მსვავდაო... მაწყენინა და დღემდე მახსოვსო.

ისეთებსაც შეხვდები, ცხოვრების მანძილზე შეხება რომ არ გქონია და შენზე ისე წერენ, თითქოს შენი ბიოგრაფიის ყველა ეტაპის მონაწილე და თვითმხილველები იყვნენ. თან, დააყოლებენ,- ზუსტად ვიცი, ასეაო. იქ ვიყავიო.

აღარაფერს ვამბობ, უცბადაფეთქებულ მეგობრებზე და ე.წ. შინაურებზე, რომლებიც ერთ დღეს სოციალურ ქსელში ისეთ პოსტს მოგიძღვნიან, თვალები შუბლზე აგივა.

არ ვიცი, რა არის ამ უკიდეგანო უმადურობის, უსინდისობის, უზნეობის ნამდვილი მიზეზი... უბრალოდ, ვხედავ, როგორ ვიხრწნებით ერთმანეთის თვალწინ... როგორ ეკარგება ფასი ძმაკაცობას, დაქალობას, მეგობრობას, ნაცნობობას, ნათესაობას და ყველაფერს, რაც ძალიან ფასეულია ნორმალური ადამიანისთვის.

აღარ არსებობს მუხრუჭი. აღარ არსებობს შემაკავებელი ბარიერი, რომ ყველაფერზე facebook-ში არ წერონ. გამაოგნებელია ზოგიერთი ბლოგერის ლექსიკა. ისე გემუქრებიან მათი პოსტებიდან, თითქოს სადაცაა მოვლენ და ყელს გამოგჭრიან. რეალურ ცხოვრებაში შეხვდები და გაგეცინება, ისეთი ფისუნია ტიპაჟია.

მარტო facebook-ით რომ ვმსჯელობდე (კიდევ კარგი, ასე არაა) წარმოდგენას საერთოდ დავკარგავდი ზოგიერთ ე.წ. მამაკაცზე, რომელიც ჯერ შეურაცხმყოფელი სიტყვების თაიგულს მოგიძღვნის და მერე, როცა იგივე "თაიგულს" მისი ცოლის ან დედის მისამართით დაუბრუნებ, მოგწერს: შევცდი, ასე არ უნდა მომეწერაო. ვინ ხართ... სად გაიზარდეთ... როგორ ოჯახებში აღიზარდეთ, რომ არც კაცობა გასწავლეს და არც ზნეობა.

იყო პოლიტიკური პარტიის ლიდერი საქართველოში ნიშნავს, რომ შეეგუო შენი განადგურების მუდმივი მცდელობის პროცესს. შეეგუო, რომ არავის არასდროს არ უნდა ენდო. შეეგუო, რომ ყველაზე ახლობელი ადამიანიც კი, შესაძლოა, ერთ დღეს ისე დაგეჯახოს, შენი ერთი სიკეთეც კი არ გაახსენდეს. შეეგუო უშვერ გინებას, შეურაცხყოფას, ცილისწამებას. ქართულ პოლიტიკაში ნაბიჯის შედგმამდე კარგად უნდა განსაზღვრო, გაქვს თუ არა ძალა, ეს ყველაფერი აიტანო ისე, რომ დარჩე ა დ ა მ ი ა ნ ა დ და არ იქცე ცხოველად. ამ გადასახედიდან კიდევ უფრო მკაფიოდ ვხედავ, რატომ არ მოდის პოლიტიკაში ახალი თაობა, ახალი სისხლი... და, სიმართლე გითხრათ, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ სწორედ ეს თაობა მოვიდეს პოლიტიკაში, მაგრამ არ გაიაროს ის გზა, რასაც ბოლო 13 წლის მანძილზე ირმა ინაშვილი გადის" - წერს ინაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner