logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: ეს რთველი განსაკუთრებული იმითაა, რომ სახელმწიფო სუბსიდიის გარეშე ტარდება
- +

15 სექტემბერი. 2017. 10:59



კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრები ღვინის საწარმოებში რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ.


როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა ყურძნის ჩაბარებისა და გადამუშავების პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.


ეს რთველი განსაკუთრებული იმითაა, რომ სახელმწიფო სუბსიდიის გარეშე ტარდება. მეღვინეობის დარგისთვის, მევენახისთვის, მეღვინისათვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი მიღწევაა, რომ ჩვენი ისტორიული და ტრადიციული დარგი საბაზრო ეკონომიკის პრინციპით მუშაობს. ეს განაპირობა იმან, რომ დარგი სწორი მიმართულებით განვითარდა, მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობის პოლიტიკა სწორად გატარდა, გაზრდილია საექსპორტო პოტენციალი და მოხდა ბაზრების დივერსიფიკაცია", - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

რთველის საკოორდინაციო შტაბის მონაცემებით, 15 სექტემბრის 10.00 საათის მდგომარეობით, კახეთის რეგიონის მევენახეების მიერ ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 39 მლნ ლარს მიაღწია. სულ გადამუშავებულია 34,8 ათასი ტ. ყურძენი. მთლიანი გადამუშავებული ყურძნიდან 14 ათასი ტონა რქაწითელი, 17,4 ათასი ტონა საფერავი, 1,4 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.


გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელი - 13  ათასი ტონა, სიღნაღი - 6,4 ათასი ტონა, გურჯაანი - 6,2 ათასი ტონა, თელავი - 4,4 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 2,1 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 1,1 ათასი ტონა, ახმეტა -  958 ტონა და საგარეჯო -  510 ტონა.


ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 4,7 ათას ტონას მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ რთველი კახეთის რეგიონში აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 162 ღვინის კომპანია, ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 85.


მეღვინეობის დარგის არსებული მდგომარეობის (ღვინის ექსპორტის ზრდა, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, გაფართოებული ღვინის საწარმოები, იაფი აგროკრედიტებისა და აგროდაზღვევის განვითარებული სისტემა) და ყურძნის შესყიდვაზე კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნილების ზრდის გათვალისწინებით, კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველზე ყურძენზე სუბსიდია აღარ გაიცემა. ამასთან ერთად, ბრენდის წარმოების განვითარების ხელშესაწყობად, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ.


რთველთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს  შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501. რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე:  http://georgianwine.gov.ge და http://rtveli2017.gov.ge.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner