ხვალ, 16 სექტემბერს, რუსთავში ,,რუსთავქალაქობის" დღესასწაული აღინიშნება. საზეიმო ღონისძიებები რუსთავის მერიის სხდომათა დარბაზში, დამეგობრებული ქალაქების დელეგაციების ოფიციალური მიღებით დაიწყება, სადაც ქალაქ რუსთავსა და აზერბაიჯანის ქალაქ სუმგაითს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
სახალხო დღესასწაული 11:30 საათზე სპორტული მარათონით გაიხსნება. მარათონი სასტუმრო ,,რუსთავის" მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და კოსტავას გამზირზე დასრულდება. 12:00 საათზე კოსტავას გამზირზე, შადრევანთან საზეიმო ტორტი გაიჭრება, რითაც სიმბოლურად გაიხსნება ახალგარემონტებული კოსტავას გამზირი. კოსტავას გამზირზევე მოეწყობა ,,ვეფხისტყაოსნის" სცენების ამსახველი თეატრალური პერფორმანსი.
მოგვიანებით, საზეიმო ღონისძიებები ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკში გადაინაცვლებს, სადაც სახალხო ზეიმს, საბავშვო გასართობი შოუპროგრამები და კონცერტი გახსნის. 16:00 საათზე კულტურისა და დასვენების პარკის ცენტრში განთავსებულ სცენაზე, საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება, 17:00 საათზე რუსთავის სკოლების კურსდამთავრებულებს რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე დააჯილდოებენ.
,,რუსთავქალაქობის" დღესასწაული 20:00 საათზე ჯგუფ „ფრანის" კონცერტითა და 22:00 სთ-ზე, საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება. რუსთავქალაქობის დღესასწაული რუსთავში წელს მეჩვიდმეტედ აღინიშნება.