„ჩვენ ძალიან ვაფასებთ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას. მხარდაჭერას, როგორც ქვეყნის ინსტიტუციონალური განვითარების, ასევე კერძო სექტორის გაძლიერების მიმართულებით. ჯამურად, ამ პერიოდის განმავლობაში, მსოფლიო ბანკმა 4,3 მლრდ-ზე მეტის ინვესტიცია გააკეთა ჩვენს ქვეყანაში, საიდანაც მიმდინარე პროექტები მილიარდზე მეტია, ხოლო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ 1,8 მლრდ-ზე მეტის ინვესტიციები გააკეთა", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ სირილ მიულერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მსოფლიო ბანკის დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი სირილ მიულერი, დღის მეორე ნახევარში, მონაწილეობას მიიღებს საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის 25 წლისთავთან დაკავშირებულ ფორუმში, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.