„ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოს" ხელმძღვანელი ლალი მოროშკინა „ასავალ-დასავალთან" პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით საუბრობს და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ რეჟიმი დასასჯელია და ქალბატონები, რომლებზეც კადრები ვრცელდება, წინასაარჩევნო პერიოდში თანამდებობებიდან უნდა გადადგნენ!
„ჩემი განცხადება ზედმეტად მტკივნეულად აღიქვეს - ქურდს ქუდი ეწვისო. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს, არავინ ვართ ფრთიანი ანგელოზები. ეს ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დაემართოს, მაგრამ ოჯახის, ქვეყნის გასაწირად არც ერთი თანამდებობა არ ღირს! ძალიან ცუდია ის, რაც კადრების გავრცელებით მოხდა, მაგრამ ასმაგად ცუდია, როდესაც შენზე კომპრომატი არსებობს და თანამდებობას ინარჩუნებ. არავის პირად ცხოვრებაში არ ჩამიყვია ცხვირი და არც ვაპირებ, უბრალოდ, ვამბობ - რეჟიმი დასასჯელია და ქალბატონები, რომლებზეც კადრები ვრცელდება, წინასაარჩევნო პერიოდში თანამდებობებიდან უნდა გადადგნენ!
მესმის, რომ შანტაჟს არ უნდა ავყვეთ, მტერი არ უნდა გავახაროთ, მაგრამ საქმე ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება!
მოსახლეობას უკვირდა, რატომ არ ხდება სამართლიანობის აღდგენა, რატომ მოგვახვიეს თავს კოჰაბიტაციაო. ახლა კი გაირკვა, რომ სამწლიანი შანტაჟის შედეგი იყო. ღრმად თანავუგრძნობ ყველა იმ ადამიანს, ვინც იმ კადრებში ჩანდა, მაგრამ დროულად რომ მიეღით გადაწყვეტილება - არ ასულიყვნენ მაღალ იერარქიულ საფეხურზე და ხელი შეეწყოთ იმ დამნაშავეების დასჯისთვის, ვინც ამ კადრებს იღებდა, დღეს ასეთ უხერხულ სიტუაციაში არ აღმოვჩნდებოდით", - ამბობს მოროშკინა.