ავტორი ალა გრიგალაშვილი
„ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე, თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე, „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"ის დირექტორი ზვიად ტომარაძე და „ეროვნულების" სპიკერი კახა მიგინეიშვილი საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მიმართავენ. მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ბატონო გიორგი, მოგეხსენებათ, რომ ჩვენს მიერ საქართველოს პარლამენტში ინცირებულ იქნა საკონსტიტუციო შესწორების პროექტი, რომლის თანახმადაც კონსტიტუციაში უნდა განისაზღვროს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. საინციატივო ჯგუფის მოსაზრებები სრულ თანხვედრაში მოვიდა საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" იდეებთან, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ინციატივა გადაგვეცა პარლამენტზე და პარლამენტს მოეხდინა ამ შესწორების მიღება. ყოველივე განხორციელდა მხოლოდ ერთი მიზნით, რადგან ჩვენთვის უმთავრესია აღნიშნული შესწორების მიღება და არა ის, თუ ვის მიეწერება ამ საკითხის გადაწყვეტა. სამწუხაროდ, მიუხედავად პარლამენტართა არაერთი დაპირებისა, რომ შესწორებას კენჭისყრისას პრობლემები არ შეექმნებოდა, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციო შესწორების (რომელიც აკრძალავს ე.წ.ერთსქესიანთა ქორწინებას) საკითხი გახდა სპეკულაციების, ინსინუაციების, ვაჭრობისა და საარჩევნოდ ქულების დაწერის საშუალება.
ფაქტობრივად ფრაქცია "ქართული ოცნება" მარტო დარჩა ამ საკითხში. აქედან გამომდინარე, საჭირო 113 ხმის მოგროვება ვერ ხერხდება. საკონსტიტუციო შესწორების ინციატორებმა თავის დროზე გავითვალისწინეთ პარლამენტის ხელმძღვანელობის თხოვნა, უარი ვთქვით რეფერენდუმის თემის რეალიზაციაზე იმ გარანტიით, რომ პარლამენტი მიიღებდა ამ შესწორებას. სამწუხაროდ, ეს ვერ ხერხდება, ხოლო მავანი ამას იყენებს სავაჭროდ, დაიკარგა ძალზედ ძვირფასი დრო. ყოველივედან გამომდინარე საინციატივო ჯგუფის (სანდრო ბრეგაძე, სოსო მანჯავიძე, ზვიად ტომარაძე, კახა მიგინეიშვილი) მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი იქნა და რეგისტრაციაში გატარდა ჩვენი მოთხოვნა რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე. უახლოეს ხანში დავიწყებთ 200000 ხელმოწერის შეგროვებას, რათა ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს ქართველთმოძულეთა მცდელობები, რათა ჩვენს ქვეყანაში დაინერგოს ანტიქართული იდეები. არავის მივცემთ უფლებას ეროვნული საკითხებით ისპეკულიანტოს და ყოველივე გამოიყენოს მხოლოდ არჩევნებისას ხმების მოსაგროვებლად. ამავე დროს თქვენ, როგორც მთავრობის მეთაურს, მოგიწოდებთ -საქართველოს მთავრობას შეუძლია შევიდეს პრეზიდენტთან ინციატივით, რომ დაინიშნოს რეფერენდუმი. აღნიშნული ქმედება ბევრად ამარტივებს სარეფერენდუმო მოთხოვნებსა და პროცედურებს, აგრეთვე მოითხოვს ბევრად მცირე დროს. თქვენს მიერ გადადგმული ნაბიჯი იქნება გარანტია იმისა, რომ საქართველოში არასოდეს მოხდება უზნეობისა და გარყვნილების ლეგალიზაცია.
მოგიწოდებთ საქართველოს მოსახლეობის ნების აღსრულებისკენ, რადგან თქვენ ბრძანდებით აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირი, რომელსაც ძალუძს ამ მეტად მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა. იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი არ გაითვალისწინების ქართველი ერის მოთხოვნას, არ დანიშნავს რეფერენდუმს, უპირობოდ მივმართავთ მასობრივ აქციებს, მშვიდობიანი პროტესტის ყველა ფორმას და მოვითხოვოთ პრეზიდენტის გადადგომას, რადგან პრეზიდენტი უნდა აღასრულებდეს თავისი მოქალაქეების ნებას და არ უნდა მიდიოდეს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ!", - წერია მიმართვის ტექსტში.