13 აპრილს, კულტურის სამინისტროში გაიმართა პროექტის „ცოცხალი წიგნები" ფარგლებში გამოცემული სამტომეულის პრეზენტაცია.
კრებულში გაერთიანებულია „ცოცხალი წიგნების დღიურები", რომელსაც მონაწილე მწერლები პროექტის განმავლობაში აწარმოებდნენ, ასევე - პროექტში ჩართულ ავტორთა პროზა და პოეზია. სამტომეული გამომცემლობამ „ნოტა ბენე" გამოსცა. პრეზენტაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.
14 აპრილიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტი „ცოცხალი წიგნები - 2016" განახლდება. ქართველი მწერლები კვლავ მოივლიან საქართველოს ყველა რეგიონს 14 აპრილიდან 14 ოქტომბრამდე.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უპრეცედენტოდ მასშტაბური ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტი „ცოცხალი წიგნები" 2015 წლის 14 აპრილს, „დედაენის დღეს'' დაიწყო. პროექტი, რომელშიც 75 მწერალია ჩართული, 4 ეტაპად განხორციელდა და გულისხმობდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებში სტუმრობას, მკითხველთან შეხვედრას, პოეზიის საღამოების გამართვას და დისკუსიებს ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე. მთელი წლის მანძილზე „ცოცხალი წიგნების დღიურები" იბეჭდებოდა „ლიტერატურულ გაზეთში". პროექტმა დროთა განმავლობაში უფრო მასშტაბური სახე მიიღო, - „ცოცხალ წიგნებთან" შეხვედრები გაიმართა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ასევე სამხედრო ნაწილებში. 2016 წლის 1 თებერვლიდან კი, მთელი წლის განმავლობაში, ყოველ მესამე ორშაბათს, „ცოცხალი წიგნების" მონაწილე მწერლებს მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა მასპინძლობს. მწერლები მკითხველებს საკუთარ შემოქმედებას მონო-სპექტაკლის სახით აცნობენ.
2015 წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ლიტერატურული პროექტი „ცოცხალი წიგნები" საზოგოდოებრივი მაუწყებლის ჯილდოს „წლის საუკეთესო მოვლენა ლიტერატურის დარგში" მფლობელი გახდა. პროექტის ავტორია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე, პროექტის კურატორი - მარიამ წიკლაური. პროექტს ა(ა)იპი "პოეზიის მეგობართა კლუბი" ახორციელებს. ‘'ცოცხალი წიგნები'' საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.