„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" დირექტორი, ირაკლი გოგავა აცხადებს, რომ აშშ-ში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ითხოვდა შეხვედრებს კონგრესში და თეთრ სახლში, მაგრამ არავინ შეხვდა. მისი თქმით, სააკაშვილს არ აქვს აშშ-ს მხარდაჭერა, თუმცა მთელი მონდომებით ცდილობს წარმოაჩინოს, რომ აქვს. როგორც გოგავა ამბობს, სააკაშვილს მხარს უჭერს მხოლოდ აშშ-ს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ლობისტთა ჯგუფი ჯონ მაკკეინის მეთაურობით. for.ge ირაკლი გოგავას ესაუბრა.
- დღევანდელი მოვლენებიდან გამომდინარე, რა პოზიციას უმიზნებს სააკაშვილი? გარდა იმისა, რომ აქტუალურობის შენარჩუნება უნდა, რა შეიძლება იყოს მისი ასეთი მოქმედებების მიზანი?
- სააკაშვილს მხარდაჭერა არ აქვს უკრაინის მოსახლეობაში და სხვადასხვა შოუების დადგმით ის ცდილობს მოიპოვოს ხალხის სიმპათიები. ბოლო დროის ყველა მეტ-ნაკლებად ანგარიშგასაწევი სოციოლოგიური კვლევის ცენტრი მას უკრაინაში მაქსიმუმ მხარდაჭერის 2%-იან რეიტინგს უფიქსირებს. ეს კი საგანგაშო მონაცემია პოლიტიკოსისთვის იმ ფონზე, როცა საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი 5%-ია.
სააკაშვილის პოლიტიკური პროექტი უკრაინაში ჩავარდა და ამის გამო უწევთ პოროშენკოს და სააკაშვილს „საზღვრის გარღვევის" მსგავსი სპექტაკლების დადგმა, რათა „ამოიქაჩოს" სააკაშვილის 2%-იანი რეიტინგი. პოროშენკო და სააკაშვილი შეთანხმებით მოქმედებენ. პოროშენკოს აინტერესებს, რომ სწორედ ის გახდეს მთავარი ოპოზიცია და სხვა ოპოზიციურ ძალებს წაართვას ხმები.
- რა მიზანი აქვს პოროშენკოს, როდესაც ცდილობს სააკაშვილის სახით შექმნას მისგან მთავარი ოპოზიცია?
- პოროშენკო ცდილობს უზრუნველყოს საკუთარი თავის მეორე ვადით არჩევა და მომავალ პარლამენტში მისთვის მისაღები ძალები მოიყვანოს, რათა არ გაუჭირდეს მმართველი კოალიციის ანუ კოალიციური უმრავლესობის ჩამოყალიბება, რომელიც შემდეგ მთავრობას ნიშნავს. დღევანდელი რეალობა ის გახლავთ, რომ ყველა კვლევით, რეიტინგით პირველ ადგილზე ტიმოშენკოა. სწორედ მისთვის ხმების წარმთმევა დაავალა სააკაშვილს პოროშენკომ.
- შეიძლება კიდევ მოიპოვს საზოგადოების ნდობა სააკაშვილმა, რომელიც არის საქართველოში ძებნილი და უკრაინაში კანონის დამრღვევი?
- ისეთი ერთობლივად შემუშავებული სპექტაკლებით, როგორიც პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე დაიდგა, მხარდამჭერებს მოიმატებენ, მაგრამ არ მგონია, რომ მოაზროვნე უკრაინელები გააბრიყვონ. მე ვესაუბრე რამდენიმე უკრაინელ პოლიტიკოსს ამ დღეებში და მათ ესმით, რომ პოროშენკო და სააკაშვილი შეთანხმებულად მოქმედებენ. სხვათა შორის, ვესაუბრე იმ პოლიტიკოსებსაც, რომლებიც საზღვარზე გაყვნენ სააკაშვილს. ის ფაქტი, რომ სააკაშვილი პოროშენკოს მწვავედ აკრიტიკებს, მექრთამეს და ბარიგას უწოდებს - შეთახმებული თამაშის ნაწილია, მიზანს კი უკრაინელი ხალხის გაბრიყვება წარმოადგენს.
- ვის შეიძლება აწყობდეს სააკაშვილის მხარდაჭერა პოლიტიკური თვალსაზრისით და რატომ? საქართველოში ძებნილი ყოფილი პრეზიდენტი, რომლის დაჭერასაც საზოგადოება მოთხოვს და ამავე დროს თავისუფლად გადაადგილდება სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის უკრაინაში... ვინ შეიძლება უმაგრებს ზურგს სააკაშვილის და რატომ შეიძლება იყოს ის პოლიტიკურად აქტიური ფიგურა?
- ის ფაქტი, რომ საქართველოში ძებნილი ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირი თავისუფლად გადაადგილდება უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში, ასახავს ამ ქვეყნების პოლიტიკური ელიტების უპატივცემლო დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ. სააკაშვილს არ აქვს აშშ-ს მხარდაჭერა, თუმცა მთელი მონდომებით ცდილობს წარმოაჩინოს რომ აქვს. მას მხარს უჭერს მხოლოდ აშშ-ს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ლობისტთა ჯგუფი ჯონ მაკკეინის მეთაურობით, რომელსაც გასულ თვეებში ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე აღმოუჩინეს და მკურნალობის კურსს გადის. ევროპაში კი რამდენიმე მოკავშირე ჰყავს, ძირითადად ევროპის სახალხო პარტიის რიგებში.
- თქვენ აღნიშნეთ, რომ უკრაინის საზღვარზე მომხდარი სპექტაკლი იყო, რომლის ავტორები სააკაშვილი და პოროშენკო არიან. რა ინტერესი აქვს პოროშენკოს, რომ ასეთ თამაშში ჩაერთოს სააკაშვილთან ერთად და რა გარანტიები მიიღო სააკაშვილმა იმისათვის, რომ ჩართულიყო ასეთ თამაშში?
- პოროშენკოს მთავარი მექტოქე იულია ტიმოშენკოა. პოროშენკო ცდილობს სააკაშვილის პროექტით ტიმოშენკოს წაართვას ხმები. დღეს უკრაინაში ისეთი ვითარებაა, რომ საპარლამენტო არჩევნებში ვერცერთი პარტია ვერ მოიპოვებს უმრავლსობას. გარდაუვალია მმართველი კოალიციის ფორმირება. ვინც მოახერხებს კოალიციური უმრავლესობის შექმნას, მისი იქნება ძალაუფლება.
ვინც იცნობს სააკაშვილს, იცის მისი „ვაჟკაცობის" ამბავი და იმასაც ხვდება, რომ პოროშენკოსთან შეთანხმების გარეშე ის არ გარისკავდა და ოდნავ შანსიც რომ ყოფილიყო საქართველოში მისი დეპორტაციის, უკრაინას არ გაეკარებოდა. სააკაშვილი ცოტნე დადიანი არ არის, თაფლი წაისვას და მცხუნვარე მზეზე დაჯდეს, მას კომფორტული ცხოვრება უყვარს და ფულიც გვარიანად აქვს ამ კომფორტის უზრუნველსაყოფად - ქართველებისგან ნაძარცვი ფული.
- ამ რეიტინგის ფიგურასთან პოლიტიკური გარიგება რას აძლევს პრეზიდენტს პოროშენკოს? გარდა იმისა, რომ სააკაშვილს არ აქვს რეიტინგი, ის მიუღებელია უკრაინის მოსახლეობისთვის, გვახსოვს აქციები იგივე ოდესაში...
- 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იანუკოვიჩმა ტიმოშენკოს პირველ ტურში სულ 3%-ით გაუსწრო იმ ფონზე, როცა იუშენკომ 4% მოიპოვა იმავე პირველ ტურში. ამიტომ თითოეულ ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სააკაშვილის ამოცანაა 3-4% წაართვას ტიმოშენკოს, სწორედ ასეთი დავალება მისცა მას პოროშენკომ. 2%-იანი რეიტინგით კი ვერ წაართმევს. ამიტომ ქმნიან ერთობლივად ისეთ სცენარებს, საზღვარზე რაც გაათამაშეს, რომ გაეზარდოს რეიტინგი.
- თუკი ეს ყოველივე პოროშენკო-სააკაშვილის პოლიტკური თამაშია, მაშინ სად არის აქ ტიმოშენკოს ადგილი და ფიქრობთ, რომ ტიმოშენკო ვერ გაერკვა სიტუაციაში?
- შესაძლოა ვერ გაერკვა. თუმცა ხვდებოდა, რომ საზღვრის სპექტაკლი ყველა ვარიანტში პოროშენკოს დაასუსტებდა და მაინც ჩავიდა. ადრე თუ გვიან ის გაემიჯნება სააკაშვილს და ყველაფერს დაარქმევს თავის სახელს.
- სააკაშვილის პოლიტიკური იმიჯი იმდენად შელახულია, რომ მიუღებელია საერთაშორისო პოლიტიკისთვის. თავად იმასაც ამბობს, რომ ევროპის ქვეყნები სთავაზობენ მოქალაქეობას, მაგრამ არ თანხმდება. გამორიცხავთ მის დაკავებას და ექსტარდირებას საქართველოში? შეგახსენებთ, რომ ქართულ მხარეს შესაბამისი წერილით უკრაინამ მიმართა და დაინტერესდა, რჩებოდა თუ არა ძალაში მოთხოვნა ექს-პრეზიდენტის ექსტრადირების შესახებ, რაზეც პასუხი მიიღო პროკურატურისგან, რომ მოთხოვნები დღესაც ძალაშია. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკრაინის შესაბამის უწყებას სააკაშვილის ძებნის, დაკავებისა და ექსტრატირების მოთხოვნით დამატებით 1 სექტემბერს მიმართა...
- სააკაშვილი პოროშენკოს „ჯიბის ოპოზიციაა"! ამიტომ დეპორტაცია არ იქნება და არც მისი დაკავება უკრაინაში. მისი ძმის დეპორტაციაც შეჩერდა, საყვარელიძეც გაამართლა ლვოვის სასამართლომ. ორთვიანი სასჯელი მისცეს ორ-სამ ადამიანს, ვინც საზღვრის გარღვევაში მონაწილეობდა - დაქირავებულ პაიკებს. სპექტაკლის მორიგი მოქმედებები წინ გვაქვს. სააკაშვილის საერთაშორისო იმიჯს რაც შეეხება, ნამდვილად ვიცი, რომ თავმოყვარე უცხოელი პოლიტიკოსები ერიდებიან მასთან ნებისმიერ კონტაქტს. ცოტა ხნის წინ აშშ-ში იყო, ითხოვდა შეხვედრებს კონგრესში და თეთრ სახლში - არავინ შეხვდა. მხოლოდ დენიელ ფრიდი შეხდვა და დიდი ზარზეიმით გამოქვეყნა კიდეც ეს ამბავი თავის გვერდზე ფეისბუკში.
- გამორიცხავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის აქტივობები გარანტირებული იყოს დასავლეთის მხარდაჭერით და პირველ რიგში იგივე ვაშინგტონის მიერ? ვაშინგტონს აქვს მიზეზი უკმაყოფილო იყოს პოროშენკოს მმართველობით, ვგულისხობ პოროშენკოს ინტერესებს ბიზნესს კუთხით...
- უკრაინაში კორუფცია ყვავის, მათ შორის უმაღლეს დონეზე, დასავლეთში კი ეს მშვენივრად იციან. ვაშინგტონი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება კმაყოფილი არსებული სიტუაციით, თუმცა მწვავედ და ღიად ვერ აკრიტიკებენ ხელისუფლებას, რადგან ქვეყანა საომარ მდგომარეობაშია. ბოლო ინიციატივა დონბასშიგაეროს მანდატით სამშვიდობო ძალების განლაგების შესახებ, შესაძლოა სასარგებლო იყოს სამშვიდობო პროცესისთვის.
თუმცა პოროშენკოს ხელისუფლებას აწყობს ნახევრად სამხედრო მდგომარეობა ქვეყანაში, რადგან კონფლიქტის გამო პოლიტიკურ პროცესებზე მეტი გავლენა აქვს. ქვეყანაში ტოტალური ცენზურაა მასმედიაზე და ამასაც კონფლიქტით ხსნიან. ბიზნესი თავისუფალი არ არის. რეფორმების ტემპი დაბალია. რეფორმების მხრივ ჯანდაცვის სფერო ლიდერობს და იქაც ამერიკელი უკრაინელია მინისტრი, რომელიც კორუფციაში არ ისვრება.