logo_geo
eng_logo
ოდესაში 2014 წელს მომხდარ არეულობასთან კავშირში ბრალდებული პირები სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
- +

18 სექტემბერი. 2017. 22:38


ოდესის ქალაქ ჩერნომორსკის სასამართლომ 2014 წლის 2 მაისს მომხდარ არეულობასთან კავშირში ბრალდებული პირები უდანაშაულოდ ცნო. ხუთივე ბრალდებული სასამართლო დარბაზშივე გაათავისუფლეს. პროკურატურა განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.


2014 წლის მაისში ოდესაში პრორუს და რუსეთის მოწინააღმდეგე აქტივისტებს შორის შეტაკებასა და პროფკავშირების სახლში გაჩენილ ხანძარს 48 ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტი კი დაშავდა.


სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისად ჩათვალა. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულებმა ორგანიზება გაუწიეს და მონაწილეობა მიიღეს მასობრივ არეულობაში.


სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას ჩერნომორსკში, სასამართლოს შენობასთან შეკრებილი ადამიანების უკმაყოფილება მოჰყვა. მოხდა შეტაკებაც. ადგილზე პოლიციის მობილიზება გახდა საჭირო. აქტივისტებმა სამართალდამცავებს ბოთლები და ქვები ესროლეს და პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.


სექტემბრის დასაწყისში ბრალდების მხარემ 2 მაისის არეულობის საქმის ფიგურანტებისთვის რვიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. გამოძიება სულ 19 ადამიანის წინააღმდეგაა დაწყებული. მათგან ხუთი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა, მათ შორის რუსეთის ორი მოქალაქე ევგენი მეფედოვი და მაქსიმ საკაუოვი. მათთვის ბრალდების მხარე 12 და 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებდნენ.


ამასთან, როგორც უკრაინული მედია იტყობინება, გათავისუფლების შემდეგ, საქმის ორი ფიგურანტი კვლავ დააკავეს. მათ შორის რუსი მეფედოვია. გამოცემა „დუმსკაიას" ცნობით, მას და უკრაინელ სერგეი დოლჟენკოვს შესაძლოა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში წაუყენონ ბრალი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner