აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. შეხვედრა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა.
დონალდ ტრამპის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობის დამყარების შანსი არის. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ძალიან მალე გამოაცხადებს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას.
შეკითხვას, თუ რა გეგმები აქვს დონალდ ტრამპს 2015 წელს მიღწეულ ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „თქვენ ამას ძალიან მალე ნახავთ".
თავის მხრივ, ნეთანიაჰუმ გამოთქვა იმედი, რომ აშშ-ის ლიდერთან ირანთან მიღწეულ „საშინელ" შეთანხმებას განიხილავს, ასევე იმსჯელებს რეგიონში ირანის გავლენის შემცირებაზე.
დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამართული მოლაპარაკებით კმაყოფილება გამოთქვა.
„თქვენი ხელმძღვანელობით, აშშ-სა და ისრაელს შორის კავშირი არასდროს ყოფილა უფრო ძლიერი", - დაწერა ისრაელის პრემიერმა twitter-ში.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ასევე მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს, გაერო-ში ისრაელის მხარდაჭერისთვის.