პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აქტიურად მუშაობენ ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციაზე.
„რაც შეეხება წინადადებებს, რომლებიც ოპოზიციიდან მოდის, აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვმუშაობთ აქტიურად ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციაზე, უკვე ვაუქმებთ მოგების გადასახადს, მთავრობამ დაამტკიცა ეს და გადაგზავნილი გვაქვს პარლამენტში, ვმუშაობთ ასევე საბიუჯეტო ცვლილებებზე. მოგეხსენებათ, ასეთ რეფორმებს აქვთ გადასვლის ღირებულება და ამ გადასვლის ღირებულების დაფარვა ხდება საბიუჯეტო სახსრების შეკვეცით. ამას ახლავს ადმინისტრაციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები და ა.შ. ფაქტიურად, სახტად არის ჩვენი ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი დარჩენილი, რადგან მოგვიწოდებდნენ, რომ სასწრაფოდ გაგვეკეთებინა რაღაცეები და ჩვენ ვაკეთებთ, თუმცა ეს ალბათ კარგია.
9-წლიან პერიოდს შეგნებულად არასოდეს ვახსენებ. საერთოდ გვარების ხსენებაც არ მინდა, მაგრამ როცა 300 ათასი ადამიანი გასამართლდა ქვეყანაში წინა მმართველობის პერიოდში და როცა ამ ადამიანების 80% და მეტი გასამართლდა სწორედ ეკონომიკური დანაშაულის გამო, ახლა კი ამ ხელისუფლების წარმომადგენლები მოგვიწოდებენ, რომ ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია მოვახდინოთ სასწრაფოდ, ეს მინიმუმ ღიმილს მგვრის ხოლმე, მაგრამ კარგია, რომ მოგვიწოდებენ და ჩვენ ამას ვაკეთებთ. საერთოდ დიალოგი კარგია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა „რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში.