თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელზე თავდასხმისთვის, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებული, წარსულში განზრახი დანაშაულისთვის რამდენჯერმე ნასამართლევი დ.ფ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 2 დეკემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე დ.ფ. ნაცნობებთან ერთად ,,ტოიოტა რავ 4" მარკის ავტომობილით იმყოფებოდა თბილისში, ნუცუბიძის ფერდობის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც უკანონოდ ატარებდა „მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო მასალასთან ერთად. აღნიშნული ცნობილი გახდა საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები დაიგეგმა. პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უზრუნველყვეს აღნიშნული ავტომობილის შეჩერება და მასში მსხდომებს წარუდგნენ, როგორც პოლიციის თანამშრომლები. დ.ფ.-მ, მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების, მიმალვის და პოლიციის თანამშრომლების საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ავტომობილიდან გადმოუსვლელად ცეცხლსასროლი იარაღიდან პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით განახორციელა რამდენიმე დამიზნებითი გასროლა, შემდეგ კი მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ხევში გადახტა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა დ.ფ. იმავე დღეს ქ. თბილისში დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლიდან დაუდგენელ ვითარებაში შეძენილი საბრძოლო მასალა - ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნა ამოიღეს. დ.ფ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით), 236-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ფ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.