ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში უკვე სამი თვეა ახალშობილებისთვის აუცილებელი აცრებისთვის ვაქცინების მათ შორის ბცჟ-ს (BCG ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინა) დეფიციტია, რის გამოც სამშობიაროებიდან უკვე 100-მდე ახალშობილი გაეწერა აცრის გარეშე - წერს საინფორმაციო სააგენტო Ossetia News.
ოკუპირებული რეგიონის დეფაქტო ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს სამი ათასი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვაქცინის შესყიდვა მათ შრის ბცჟ, დიფტერიის პოლიომელიტისა და ჰეპატიტის საწინააღმდეგო პრეპარატები.
„ვაქცინების შესყიდვა რუსეთში იმუნობიოლოგიური პრეპარატების უმსხვილესი მწარმოებლისგან ხდებოდა. მაგრამ ფარმაცევტულ წარმოებაში ტექნიკური პრობლემები შეიქმნა. შემცირდა ვაქცინის წარმოება და მიეწოდებათ. დღეს კომპანია მხოლოდ რუსეთში სახელმწიფო შეკვეთებისთვის მუშაობს. ახლა ჩვენ ვცდილობთ სხვა მწარმოებლები ვიპოვით და მდგომარეობა დავარეგულიროთ", - აცხადებენ დეფაქტო ჯანდაცვის უწყებაში.
ვაქცინების დეფიციტის გამო, შეშფოთებულები არიან ადგილობრივი პედიატრები, რომლებიც მშობლებს ურჩევენ ბავშვები სასეირნოდ პირბადით გაიყვანონ და ხალხმრავლობას მოარიდონ.