გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პოლიტიკური დებატების დროს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყურადღება „ბოროტების ღერძის" ქვეყნებზე გაამახვილა - ჩრდილოეთ კორეა, ირანი და ვენესუელა. ამერიკის პრეზიდენტმა 41-წუთის განმავლობაში ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმების დამხობაში ამერიკის შეერთებული შტატებისა და დანარჩენი ცივილიზებული სამყაროს როლზე ისაუბრა.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები დიდი მოთმინებით აკვირდება ჩრდილოეთ კორეის რეჟიმს, რომელიც მსოფლიოს ბირთვული იარაღით ემუქრება.
„თუ ჩვენ სხვა არჩევანი არ დაგვრჩება, ამერიკის შეერთებული შტატები იძულებული იქნება გაანადგუროს ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი. ადამიანმა რაკეტამ (კიმ ჩენ ინი) ფაქტობრივად თვითმკვლელობის განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს" - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუსეთი მხოლოდ ერთხელ, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების კონტექსტში ახსენა. მან ჩინეთისა და რუსეთის მთავრობებს ფხენიანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა ირანთან მიღწეულ ბირთვულ შეთანხმებაზე, რომელიც ირანსა და საერთაშორისო ექვსეულს შორის 2015 წელს გაფორმდა და სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ თეირანს ბირთვული პროგრამის შეჩერების ვალდებულება დაეკისრა. ტრამპმა შეთანხმება კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და ირანი ვალდებულებების უგულებელყოფასა და ტერორისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
„არის კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც ღიად საუბრობს მასობრივ მკვლელობაზე. ეს არის ირანი, რომელიც განადგურებით ემუქრება ისრაელს, ეს არის მდიდარი წარსულის ქვეყანა, რომელიც წლებია საკუთარ ხალხს ტანჯვაში აცხოვრებს, ქვეყანა, რომელიც აფინანსებს ტერორისტებს, ჰესბოლას და იემენში შეიარაღებულ დაჯგუფებებს და მათი ხელით უდანაშაულო ადამიანებს ხოცავს. ჩვენ არ უნდა შევეგუოთ მკვლელ რეჟიმებს, რომელთაც აქვს ბირთვული პროგრამა" - აღნიშნა ტრამპმა.
დონალდ ტრამპის კრიტიკის სამიზნედ ვენესუელის ავტორიტარული რეჟიმიც იქცა. იგი დარწმუნებულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მისიაა, მეზობელი სახელმწიფოს, ვენესუელას მოსახლეობას დაეხმაროს.
„ვენესუელელი ხალხი შიმშილობს, დემოკრატიული ინსტიტუტები განადგურებულია, ვითარება ყოვლად მიუღებელია. ჩვენ არ შეგვიძლია, უბრალოდ დავაკვირდეთ და არაფერი მოვიმოქმედოთ, როგორც პასუხისმგებელმა მეზობლებმა. ჩვენ ყველას გვაქვს მიზანი. დავუბრუნოთ თავისუფლება, აღვადგინოთ ქვეყანა და დემოკრატია. შეერთებული შტატები მზად არის, მიიღოს დამატებითი ზომები, თუ ვენესუელის მთავრობა დაჟინებით განაგრძობს გზას ავტორიტარული მმართველობისკენ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე.