საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. სამუშაოებისთვის მიმდინარე და მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მთლიანობაში, 4 997 679 ლარი გამოიყოფა, თუმცა საბოლოო თანხის ოდენობა იმ ტენდერზე იქნება დამოკიდებული, რომელიც დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა.
გზაზე ჩასატარებელი ძირითადი სამუშაოებია:
ტრასის აღდგენა და გამაგრება; არსებული ბუჩქნარის და მცირე ზომის ხეების გაკაფვა; არსებული ელ. გადამცემი ბოძების და კაბელების გადატანა; გვერდულებისა და კიუვეტების გაწმენდა; მიწის სამუშაოები; რკინა-ბეტონის კიუვეტების მოწყობა; რკინა-ბეტონის მილების შეკეთება-მოწყობა; გაბიონის საყრდენი კედლების მოწყობა; არსებული რკინა-ბეტონის ხიდის შეკეთება; სარწყავი წყლისათვის ლითონის მილების მოწყობა; საგზაო სამოსის მოწყობა ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარით; საგზაო ნიშნების მოწყობა; სავალი ნაწილის მონიშვნა და სხვ.
ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება 2017 წლის 6 ოქტომბერს დაიწყება და 11 ოქტომბერს დასრულდება.
გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის [კმ 1 - კმ 6 მონაკვეთი] სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან - 14 თვე. მიმწოდებელი ვალდებული იქნება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყება ხელშეკრულების გაფორმებიდან - 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
ბეშუმი - მთის კლიმატური კურორტია ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილიდან 7 კმ-ში, ზღვის დონიდან 1850-1900 მ-ზე. კურორტი დაბა ხულოდან 30 კმ-ში მდებარეობს.