logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: მიხას რუსებმა ბომბებით ვერაფერი დააკლეს, თქვენ კიდე ლაყე კვერცხებით აშინებთ?!
- +

20 სექტემბერი. 2017. 00:13



მიხას კვერცხები ესროლესო. ლვოვის სასამართლოში რომ მივიდა, იქ დახვდნენ და ესროლესო. მერე რა, თქვენ გგონიათ, მაგას კვერცხებით შეაშინებთ? 2008-ში 200 ათასი ტანკი და 2 ათასი ბომბდამშენი რომ შემოესია საქართველოს, მაშინ არ შეშინებულა, მაშინ არ უგორავია მიწაზე, მაშინ არ გადაუთხრია გორის მინდორ-ველები ცხვირით და ეხლა გინდათ, ლაყე კვერცხებით ააღებინოთ ხელი თავის ნათელ გეგმებზე მსოფლიო ცივილიზაციის მამას? ვერ მოგართვით, როგორც მიხას მეგობარი და მისი ჟამთააღმწერელი, ბატონი ნუგზარ წიკლაური აცხადებს თავის "ფეისბუქ-გვერდზე", მსოფლიო ისტორიაში რამდენი პოლიტიკოსი გახსენდებათ, რომ:

 

„ოთხმილიონიანი ქვეყნიდან რუსმა ოლიგარქმა განდევნოს;

 

ორმოცმილიონიან ქვეყანაში ასევე რუსეთის მართულ ოლიგარქებთან გააგრძელოს ბრძოლა;

 

მთავარი ოპოზიციური ლიდერი გახდეს ორივე ქვეყანაში და მისი ბრძოლა მსოფლიო პრესის საყოველთაო ყურადღების საგანი გახდეს? ფენომენალური მიშა სააკაშვილი"!


აი, ზუსტი დიაგნოზი... აი, ზუსტი ანალიზი და დასკვნა. მე პირადად ცხოვრებაში რა არ მინახავს, რა არ მომისმენია, მაგრამ ასეთი გენიალური მიგნება არსად შემხვედრია. აბა, წარმოიდგინეთ, 4-მილიონიანი ქვეყნიდან განდევნა რუსმა ოლიგარქმა, ანუ ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ადრე სულაც არ იყო რუსი ოლიგარქი. როდის არ იყო? აი, მაშინ, მიხა სააკაშვილის „სასტავს" ხელფასებს რომ ურიგებდა, პოლიციას და ჯარს რომ აფინანსებდა, გზებს რომ აგებდა, თეატრებს რომ არემონტებდა, სკოლებს, ეკლესია-მონასტრებს, ხიდებს და ხმას რომ არ იღებდა, საერთოდ რომ არ ჩანდა და ყველაფერს წუპაკი "ნაციონალები" იწერდნენ. ჰო, კიდევ... სამებას რომ აშენებდა, სადაც დღემდე წიკლაურის მსგავსები თავიანთივე სიგრძე სანთლებით დადიან. არა, მაშინ არ იყო ოლიგარქი, არც ფული იყო რუსული.  მაშინ ყველაფერი სუფთა იყო და თანაც გემრიელი. თუმცა რა, „ნაცების" ლოგიკის თანახმად, ეგეც MIHA-ს დამსახურებაა, თურმე ეგ აძალებდა, თორემ ივანიშვილი ისეთი წუწურაქია, არაფერს გააკეთებდა. ხელოვნების მოღვაწეებს რომ დღემდე ეხმარება, ეგეც MIHA-ს დამსახურებაა. მოკლედ, ჩვენ ვერა და ვერ ჩავწვდით ამ ადამიანის ფენომენალურობას, ეს მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ხვედრია. ის ისეთი ღრმაა, ისეთი უკიდეგანო, ისეთი ფილოსოფიური, სპეციალური განათლების გარეშე ჩვენ, ბოგანოები ვერაფერს მივხვდებით. მიხას აზროვნების დონეს რომ ჩაწვდე, ნუგზარ წიკლაურის ჩაქუჩივით თავი უნდა გქონდეს, მაია ორჯონიკიძის მეტყველება და მეგი გოცირიძის ტემპერამენტი, სხვანაირად არაფერი გამოვა.


ჰოდა, იმას ვამბობდი... თქვენ მიხას ლაყე კვერცხებით დააშინებთ? რუსებმა ბომბები დაუშინეს, ვერაფერი დააკლეს და კვერცხები? რა ბედენაა კვერცხები, თუნდაც ქვები?! ჰო, კიდევ ისაო, ბატონმა ნუგზარმა, ორ ქვეყანაში რომ მთავარი ოპოზიციური ძალა ხარ, ამას ხომ უნდა ნიჭი და გაქანებაო? თან ყოველდღე რომ ტელევიზორში ხარ, ესეც ხომ ძაან მაგარიაო? და მერე ვინ უარყოფს მიხას ავანტიურისტობას? ორ ქვეყანაში მთავარ ოპოზიციურ ძალაზე რა მოგახსენოთ, არ ვიცი, ამაში ეჭვი მეპარება, მაგრამ ყოველდღე ტელევიზორში ნამდვილად ზის ჩრდილოეთ კორეის "ბომბისროლია" ლიდერივით. რა ჰქვია მაგას? კიმ ჩენინი თუ კიმ ლენინი? პრინციპში, რა მნიშვნელობა აქვს?!




გელა ზედელაშვილი











 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner