მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ამის შესახებ პირველ არხს მექსიკაში საქართველოს საელჩოში განუცხადეს.
„ქალაქში ძალიან მძიმე ვითარებაა. დაკავშირება მოვახერხეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეთა უმეტეს ნაწილთან, კარგად არიან. ამ დრომდე ვერ ვუკავშირდებით მხოლოდ რამდენიმე მათგანს, რადგან ცუდად მუშაობს სატელეფონო ქსელები. საკონსულო სამსახურს ჯერ არავინ დაკავშირებია", - განუცხადეს პირველ არხს მეხიკოში საქართველოს საელჩოში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, მექსიკის დედაქალაქში 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამ ეტაპზე, დაღუპულთა რიცხვი 100-მდე კაცს აღწევს, დაშავებულია ასობით ადამიანი; ჩამონგრეულია ათობით შენობა.
ზუსტად 32 წლის წინ, 1985 წლის 19 სექტემბერს, მეხიკოში 8.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიას მაშინ 5000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.