მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში მიწისძვრის შედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ათობით დაშავდა, თუმცა მაშველები ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. ქალაქში ათობით შენობა-ნაგებობა განადგურდა.
ქალაქში სამ მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
მექსიკის სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, 7.1-ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრის ბიძგები იგრძნობოდა აკაპულკოში, გვადალახარაში, კოლიმასა და ჩიპანსინგოში.
1985 წელს ამავე დღეს მექსიკაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რასაც 10 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სამი კვირის წინ მექსიკაში მომხდარმა 8-ბალიანმა მიწისძვრამ 90 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.