logo_geo
eng_logo
პროკურატურა მაკა ჩიჩუას ძმასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარის მიზეზს განმარტავს
- +

20 სექტემბერი. 2017. 11:53



პროკურატურა მაკა ჩიჩუას ძმისთვის, მიხეილ მგალობლიშვილისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს.


როგორც „ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, მგალობლიშვილი არაერთგზის არის ნასამართლევი, მათ შორის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის და ასევე დღეისთვის მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმით დგინდება, რომ მგალობლიშვილი სასროლად ვარგის ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას ინახავდა.

 

„მიხეილ მგალობლიშვილი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარებისთვის ბრალდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი სრულად სცნო დამნაშავედ. შემდგომ აღნიშნული განაჩენი ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც. ამჟამად მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. რაც შეეხება თქვენს კითხვას, თუ რატომ არ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, გიპასუხებთ, რომ მ. მგალობლიშვილი წარსულში არაერთგზისაა ნასამართლევი, მათ შორის ისეთი ძალადობრივი დანაშაულისთვის, როგორიცაა განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში. გარდა აღნიშნულისა, მიხეილ მგალობლიშვილი სასამართლო განხილვებისას აცხადებდა, რომ იარაღები იყო გარდაცვლილი მამის დანატოვარი და წარმოადგენდა რელიქვიას, თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ იგი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა „BROWNING"-ის კონსტრუქციის იარაღს ერთი მჭიდით და ერთი ვაზნით, ასევე თავის საცხოვრებელ სახლში ინახავდა ქარხნული წესით დამზადებულ 7,65 მმ კალიბრის იარაღს -„BERETTA". ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ამოღებული იარაღები მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის, ხოლო ამოღებული ვაზნა წარმოადგენს საბრძოლო მასალას და ვარგისია გამოსაყენებლად. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე პროკურატურა ასეთ შემთხვევაში მიზანშეუწონლად მიიჩნევს ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას", - განაცხადეს პროკურატურაში.


პირველი ლედის ძმას მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი 2017 წლის აპრილში გამოუტანა. მგალობლიშვილი წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი. მგალობლიშვილი 2008 წელს ნარკოტიკების მოხმარებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის გაასამართლეს. 2010 წელს ის კვლავ ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისათვის გასამართლდა. 2011 წლიდან კი მაკა ჩიჩუას ძმას, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 17-წლიან სასჯელს იხდიდა, თუმცა მან საპატიმრო 2013 წელს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ შეწყალების შემდეგ დატოვა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner