logo_geo
eng_logo
ევროპის საბჭო: საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროში მიმდინარე რეფორმები სწორ სტრატეგიულ ხედვას ემყარება
- +

14 აპრილი. 2016. 10:13


ევროპის საბჭოს შეფასებით, საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროში მიმდინარე რეფორმები სწორ სტრატეგიულ ხედვას ემყარება და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ემსახურება. ანგარიში - „ციხეების გადატვირთულობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში" მიმდინარე წლის 13 აპრილს გამოქვეყნდა.


ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მოწოდებულია განაგრძოს რეფორმების გატარება და ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის გზით, პენიტენციური სისტემის მუშაობა კიდევ უფრო გააუმჯობესოს.


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში  2012 წლიდან მასშტაბური ინსტიტუციური რეფორმა განხორციელდა, რომლის ფარგლებში გაუმჯობესდა პატიმართა უფლებრივი მდგომარეობა; გადაიჭრა დაწესებულებების გადატვირთულობის პრობლემა; 4 კვ მ-მდე გაიზარდა მსჯავრდებულთა საცხოვრებელი ფართობი; სამარტოო საკანში ყოფნის ვადა 20 დღიდან 14 დღემდე შემცირდა; გაუქმდა ე.წ. „ფუქსები" და „კარანტინი" და ამოქმედდა გონივრული მიღებისა და განთავსების თანამედროვე განყოფილება, სადაც ერთ სივრცეშია უზრუნველყოფილი უსაფრთხოების, სამედიცინო შემოწმების, ფსიქოსოციალური საჭიროებების შეფასებისა და კრიზისის მართვისთვის აუცილებელი ღონისძიებები;  სახალხო დამცველსა და პრევენციის ჯგუფის წარმომადგენლებს 2016 წლის 1 სექტემბრიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლება მიენიჭება;  შემუშავდა და დაინერგა სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის პროგრამა, რაც მსჯავრდებულთა წარმატებული რეაბილიტაციისა და დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა;  შემუშავდა და დაინერგა მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით შეფასებისა და გადანაწილების სისტემა; სამინისტროსთან შეიქმნა სპეციალური საკონსულტაციო საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს სამინისტროსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ეფექტიან დიალოგს;  შემუშავდა და დამტკიცდა პენიტენციური ჯანდაცვის სტანდარტი; გაიზარდა პენიტენციური ჯანდაცვის ბიუჯეტი; გაძლიერდა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებები და ა.შ.


სისტემის ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოების, არასაპატიმრო სასჯელების დანერგვისა და მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებების დაცვის, ასევე, მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა დასაქმების მიმართულებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მუშაობას აგრძელებს და ამ კუთხით, ახლო მომავალში, არაერთი ნოვაციის დანერგვას გეგმავს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner