შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1958 წელს დაბადებული ე.ი. ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით - ვარკეთილში, ხოლო 1948 წელს დაბადებული ე.ქ., ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით, ფონიჭალაში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ე.ი.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 19 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, ე.ქ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ამოღებულია 36 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ე.ქ. ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ მის მიერ მოქალაქისთვის მიყიდული, 2 შეკვრად დაფასოებული 0,1427 გრამი ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით).