„ჩემი სოფლის ბირჟა ძალიან ჰგავს პარლამენტს - იქაც სულ ყბედობენ, ამთქნარებენ, ისევ ყბედობენ, ხან ჩხუბობენ, ერთმანეთს მტრობენ და რაღას არ აბრალებენ"
იუნა შაფათავა: „კვნესის ქვეყანა, კვნესის,
არა ტკივილით, არა სევდით _
მწარე ქოშინით და სექსით,
პოლიტიკოსი ეკრანზე
კვნესის...
დარჩა პირღია იუნა,
ნინა, შორენა, თინა..."
ჩემს სოფელში ერთი ბირჟაა, სადაც მუდმივად სხედან ჯანიანი ყაზილარები და მოსთქვამენ, სამუშაო არ გვაქვს, გვიჭირს, ამის პატრონი დედაცო! ამ დროს გაიხედავ და ამ ყაზილარების ველ-მინდვრები დასამუშავებელია, იგეთი ბალახი აბიბინებულა, დილით გაძვალტყავებული ძროხა რომ შეაგდო, საღამოს გატიკნული ჯიქნებით გამოვა. უყურებენ ღამე ამ ჩვენ თავგასიებულ პოლიტიკოსებს ტელევიზორში, გამოვლენ დილას მთქნარებით და საღამომდე არჩევენ, ვინ უფრო დიდი სისულელე თქვა. თუ ვინმეს ჭაჭა ან რამდენიმე ლიტრა ღვინო აღმოაჩნდა, გატყვრებიან, თუ არა და დაიშლებიან ბუზღუნით. მოკლედ, რაც საქართველოში ხდება, ამას ცნობილი ქართველი სექსსიმბოლო, იუნა შაფათავაც კი აღუშფოთებია და ლექსიც დაუწერია. ცნობისთვის: როგორი მდიდარი სექსიც იუნას ჰქონია, თქვენ არც კი დაგესიზმრებათ:
„კვნესის ქვეყანა, კვნესის,
არა ტკივილით, არა სევდით -
მწარე ქოშინით და სექსით,
პოლიტიკოსი ეკრანზე
კვნესის...
დარჩა პირღია იუნა,
ნინა, შორენა, თინა,
სექსის დედების ცვენას
გადაუხიეს მაიამ, ეკამ,
და წვრილმა თუ მსხვილმა
სექს-ბომბა და ყ... მოგლეჯილ
პოლიტიკოსთა წვიმამ...
კვნესის თბილისი, კვნესის,
სიცილით მუცელი გვტკივა...
რას ვიფიქრებდით, თურმე,
სექსით კეთდება ქსივა...
ან სექსს გავდეს ეგ პოზა,
ან პოლიტიკას - რჩევა,
დილეტანტი პარლამენტში,
ლოგინშიც დილეტანტად
რჩება... და პირიქით"!
მომეწონა იუნას პოეზია და ვკითხე, რა გჭირს, რა ხდება-მეთქი? მისგან ასეთი პასუხი მივიღე: „სასაცილოა უკვე, გელა... სირცხვილია, როდემდე? ამათ ქაქუცა ჩოლოყაშვილები მაინც არ ეგონოთ თავი, ან ჟანა დარკები"!
ისე, მართალია ეს ქალი, პარლამენტში დილეტანტი ხარ, ლოგინში დილეტანტი ხარ, ვენახში არ ვარგიხარ, ჭამა-სმაში ღორი ხარ, ცხოვრებაში ბოზი ხარ... მაშ, რა დამსახურებისთვის ზიხარ, როგორც ბებიაჩემი თებრო იტყოდა, ზემო თაროს?
დასაწყისში ჩემი სოფლის ბირჟა ვახსენე, იქაც ეგრეა, ვინც წაკუზული მუშაობს და თვალში წყალი უდგას, იმას ყბედობისთვის არა სცალია, ვისაც მუშაობა ეზარება, ისევ იმას აქვს ენა გადმოგდებული სააკაშვილის ჰალსტუხივით. მოკლედ, ჩემი სოფლის ბირჟა ძალიან ჰგავს პარლამენტს - იქაც სულ ყბედობენ, ამთქნარებენ, ისევ ყბედობენ, ხან ჩხუბობენ, ერთმანეთს მტრობენ და რაღას არ აბრალებენ. გამოდის, რაც ზემოთ ხდება, ის ხდება ქვემოთაც, ანუ რაც ქვემოთ ხდება, ის ხდება ზემოთაც (ავტორი ქეთი ალასანია):
„პირფერობის კარნავალი,
მოლოდინით, დაიწყო,
სიძულვილმა, სიყვარულის,
მძივით კაბა გაიწყო,
მერე თასი, ღვინის ნაცვლად,
საწამლავით აივსო,
გადამთვრალმა, გაბედა და
კაცთა მოდგმა გაიცნო,
ჯამბაზს სჯერა, რომ მეფეა
და ოცნება დაიწყო,
მერე გვირგვინს წაეტანა,
ოქრო ვერცხლით გაიწყო,
ცას ცრემლები მოეძალა,
გული ორად გაიყო,
როცა ნახა, სათნოება,
ღვარძლმა როგორ დაიპყრო,
ცხოვრების გზა, ვარდის ნაცვლად,
ეკალ-ბარდით გაივსო,
სამართალი რომ დაყრუვდა,
თვალიც მაშინ დაივსო".
ნახეთ, რა გენიოსური რამ თქვა იუნამ... ისაო, ქვეყანა კვნესის, ო, ისე კვნესის, მე, შორენა და თინაც კი პირღია შევყურებთო. შორენა ბეგაშვილია, ხოლო თინა ისაა, მახარაძე, „ჩემი ცოლის დაქალებში" რომ თამაშობს და „სექსბომბობას" აწვება. ო, მაი გაად... ესენი რომ პირს დააღებენ ვინმეს კვნესაზე, აქ უკვე სხვა რამეშია საქმე. იცით, ასე რატომ ხდება და როდის გადაქოთდა ქვეყანა? იცით, როდის მერე აღარ გვაინტერესებს სიმინდისა და ლობიოს მორწყვა? როცა ჯამბაზმა დაიჯერა, რომ მეფეა, როცა ბატმა დაიჯერა, რომ ადვოკატია, როცა ინდაური მოსამართლის სკამზე დაბრძანდა და ე.წ. ფილოსოფოსი პრეზიდენტის სასახლეში შევარდა. ძალიან უცნაურია ცხოვრება, უცნაური და ალოგიკური, მაგრამ ოდესღაც დგება მომენტი, როცა ყველაფერი იშლება და თავიდან იწყება... აქ ერთი ჩინური ანდაზა მახსენდება: „უნდა იჯდე და მოთმინებით ელოდო, როდის ჩამოატარებს მდინარე შენი მტრის გვამს"... როგორ ფიქრობთ, რა აკლია ქვეყნიერებას, რომ შედარებით ლოგიკური გახდეს ცხოვრება? ზოგი ამბობს, სამართალიო, ზოგი ამტკიცებს - რწმენაო... ჩემი აზრით კი, ერთ-ერთი მთავარი მაინც ნდობაა, რომელიც ჩვენ დიდი ხნის წინათ დავკარგეთ (ავტორი ელენიკო):
„იჯდა, ტიროდა ნდობა, მას აღარ ჰქონდა ფასი,
იქცა ტყუილის მსხვერპლად, დაეცა ხალხის თვალში, ...
გვერდით სიცრუე ეჯდა, თვითკმაყოფილი სახით,
პირზე ღიმილი ეკრა, ფლიდი, პირფერი ნაკვთით.
ამ ყველაფერმა შექმნა, ერთი თვისება ავი,
მას უნდობლობა ერქვა, ერი დათრგუნა განცდით.
იჯდა, ტიროდა ნდობა, მას აღარ ჰქონდა ფასი,
გვერდით სიცრუე ეჯდა, თვითკმაყოფილი სახით".
გელა ზედელაშვილი