აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ პენსმა NATO-ში მონტენეგროს შესვლის ცერემონიის შემდეგ ანალიტიკური ფონდის Atlantic Council-ის მიერ გამართულ საზეიმო სადილზე განაცხადა, რომ რუსეთი, ირანი და საერთაშორისო ტერორიზმი ძირითადი საფრთხეა მთელი მსოფლიოსთვის.
„მსოფლიოში დღეს იმაზე საშიში ვითარებაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა, მეოთხედი საუკუნის წინათ კომუნიზმის კრახის შემდეგ", - განაცხადა მაიკლ პენსმა.
ვიცე-პრეზიდენტმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების ყურადღება „რუსეთის მიერ საერთაშორისო საზღვრების ხელახლა გადახაზვის მცდელობას" მიაპყრო.
მისივე თქმით, აშშ-ის ამოცანა NATO-ს გაძლიერება უნდა გახდეს.
„ძლიერი ალიანსი - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ რთულ დროში. ვაშინგტონი მზადაა, სრულად შეასრულოს სამოკავშირეო ვალდებულებები და კვლავაც დარჩება პრინციპზე, რომ ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა - ყველაზე თავდასხმას ნიშნავს", - განაცხადა მაიკლ პენსმა.