თრუსოს ხეობაში ქართველი ტურისტების მოძიების სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო. როგორც „ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილი, სადაც ქართველ ტურისტთა ჯგუფი იმყოფება, რთულად მისადგომია, რის გამოც სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა აუცილებელი გახდა.
თრუსოს ხეობაში დაკარგული საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დახმარებას ითხოვს. როგორც მათ „ინტერპრესნიუსს" აცნობეს, ყელიწადის ტბაზე იმყოფებოდნენ, თუმცა გზა აერიათ და უკვე მეორე დღეა ხეობიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ.
„მეგობრებთან ერთად ვიყავი ყელიწადის ტბაზე, გზა აგვერია და მოვხვდით ისეთ ადგილზე, ვეღარც წინ მივდივართ, ვეღარც უკან - დიდი ხევია, ერთი ადამიანი გვყავს ცუდად. სამაშველო სამსახურში გუშინვე დავრეკეთ, გადავეცით ჩვენი მდებარეობის მონაცემები, მაგრამ ამ დრომდე არავინ მოსულა. გვითხრეს, ვერაფრით დაგეხმარებით, თქვენ ახვედით და თქვენ თვითონ ჩამოდითო", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს" ხეობაში ჩარჩენილმა ერთ-ერთმა გოგონამ.