logo_geo
eng_logo
კორუფციაში დადანაშაულებულმა მოსამართლემ ფადი ასლის სასამართლო მოუგო
- +

21 სექტემბერი. 2017. 14:42



თბილისის საქალაქო სასამართლოს გავრცელებული ინფორმაციით, პირველად მართლმსაჯულების ისტორიაში, მოსამართლემ ბიზნესმენის მხრიდან შელახული პატივი და ღირსება სასამართლოს მეშვეობით აღიდგინა, რითაც ეს საქმე პრეცედენტული გახდა.


საქმე შეეხება ბიზნესმენ ფადი ასლის მიერ მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის კორუფციაში დადანაშაულებას, რაზეც კაკაბაძემ სარჩელი აღძრა.


სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის მხრიდან მოსამართლის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელება „ფილიპ მორისსა" და „თბილისის თამბაქოს", ასევე „ომეგა ჯგუფსა და „ბრითიშ ამერიქან თობაქოს" შორის ვლადიმერ კაკაბაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირდებოდა. სასარჩელო განცხადების თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო სუბიექტმა დაუსაბუთებელი განცხადებებით ზიანი არა მხოლოდ კონკრეტული მოსამართლის საქმიან რეპუტაციას მიაყენა, არამედ მიზნად ისახავდა მოსამართლისა და სასამართლოს დისკრედიტაციას, რითაც უხეშად დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია.


მოპასუხე მხარემ (ფადი ასლმა) მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე თქვა, რომ პირად მოსაზრებებს წარმოადგენს, რომელიც აბსოლუტური პრივილეგიით არის დაცული.


სასამართლომ კი დაადგინა, რომ სიტყვისა და აზრის თავისუფლების საყოველთაო უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და მას გააჩნია ზღვარი, როდესაც აღნიშნული თავისუფლება არღვევს სხვათა უფლებებს და ლახავს მათ პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას.


სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო განცხადებების ფორმულირება სცდებოდა აზრის გამოთქმის ფარგლებს და წარმოადგენდა კორუფციაში პირის დადანაშაულებას. მსგავსი ბრალდებები კი საჭიროებს შესაბამის რეაგირებას და  წარმოადგენს გამოძიების დაწყების საფუძველს.


მოპასუხე ფადი ასლის დაევალა სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით, მოსამართლის პატივისა და ღირსების აღდგენის მიზნით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, იმ მედიასაშუალებებში, სადაც სადავო ინფორმაცია მოპასუხის მხრიდან გაჟღერდა.  სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოთხოვნილი 20 ათასი ლარის ნაცვლად, ფადი ასლის 3 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.


ფადი ასლმა მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე კორუფციაში მარტის ბოლოს დაადანაშაულა.












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner