logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: „მე შაირი არ მინდოდა, შენ ამტეხე ძალადაო“... პროცესი მოუნდათ?! მიიღებენ!
- +

21 სექტემბერი. 2017. 14:59

 


„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური რეჟისორ გოგა ხაინდრავას პატივისა და ღირსების შელახვის საფუძველზე სასამართლოში უჩივის. პირველი სასამართლო პროცესი 19 სექტემბერს გაიმართა.


დეტალებზე გოგა ხაინდრავა „რეპორტიორს" ესაუბრა.


- ბატონო გოგა, რომ დავაკონკრეტოთ, რა მიზეზით გიჩივით ეკა გიგაური?


- ეს არის ფსევდოლიბერალური საზოგადოების ფარისევლობის კლასიკური მაგალითი, როდესაც მოძალადეები უჩივიან ძალადობის მსხვერპლს.


კონკრეტულ შემთხვევაში, ლაპარაკია იმაზე, რომ კაპიტანი გიგაური, რომელიც დაფესვიანდა ვანო მერაბიშვილის ჯურღმულში, 2007 წლის 21 ნოემბერს წახალისებულ იქნა რიგგარეშე წოდებით, პირადად ვანო მერაბიშვილის ბრძანებით. 7 ნოემბრის უბედურების შემდეგ ვანო მერაბიშვილმა ადამიანების სისხლში გასვრილი ხელებით ეკა გიგაური კაპიტნის წოდებით დააჯილდოვა, მან კი ეს, მისი გაგებით, ღირსება და პატივი მიიღო და შეირგო.


გარდა ამისა, 14 ნოემბერს, ბრძანება N554-ით, რომელსაც ხელს აწერდა სასაზღვრო პოლიციის უფროსი ბადრი ბიწაძე (სასაზღვრო პოლიცია შედიოდა შინაგან საქმეთა სამინისტროში და ასევე, ექვემდებარებოდა ვანო მერაბიშვილს), კარგად შესრულებული სამუშაოსთვის დაჯილდოვდნენ სასაზღვრო სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის წევრები. ჩემი აზრით, ეს დაჯილდოება იყო იმ სისხლიანი კალოს გამოძახილი, რომელიც მერაბიშვილმა 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე განახორციელა. აღნიშნული პრემიების გაცემა დაევალა გიგაურს და გიგაურმა ეს პირნათლად აღასრულა. ჯაჭვი შეიქმნა - ქართველი ხალხის სისხლი დაღვარეს, ფეხქვეშ გაუთელეს ღირსება, ადამიანობა, რისთვისაც გამოიყო თანხა და ამ თანხით სისხლიანი სპექტაკლის მონაწილეები წახალისდნენ.


ამ ყველაფრის შესახებ პრესკონფერენციაზე ვისაუბრე... ვაჩვენე ბრძანება N554, რომლის მიხედვითაც ეკა გიგაურმა წაახალისა 7 ნოემბერს დარბევაში მონაწილე სპეცდანიშნულების რაზმის წევრები და  ვანო მერაბიშვილის მიერ 21 ნოემბერს გამოცემული ბრძანება, რომლითაც გიგაურმა კაპიტნის რიგგარეშე წოდება მიიღო. დავაფიქსირე ჩემი აზრი და საზოგადოებას ვამცნე, რასთან გვქონდა საქმე. კაპიტანმა გიგაურმა მიჩივლა, რის საფუძველზეც დამიბარეს სასამართლოში. ეს არის ამ საქმის არსი. პატივისა და ღირსების შელახვად შეირაცხა ის, რომ საზოგადობას მივაწოდე ინფორმაცია იმის შესახებ, რაში მიიღო გიგაურმა რიგგარეშე წოდება და რა განახორციელა მან ბადრი ბიწაძის დავალებით.


- როგორ ჩაირა პროცესმა და რაიმე დარღვევას ხომ არ ჰქონია ადგილი?


-  ეს იყო წინასწარი პროცესი. მართალი გითხრათ, ამ საქმეს სერიოზულად არასდროს ვუდგებოდი და დავიწყებულიც კი მქონდა. საჩივარი შეტანილია 2015 წლის 8 ივნისს. ვფიქრობ, კაპიტანი გიგაური მიხვდა, რომ მისთვის მაინცდამაინც სასიკეთოს ვერაფერს მოიტანდა ეს პროცესი.  ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ წელავდა დროს.


სასამართლოზე  გამოვლინდა საოცარი რამ, რასაც ისედაც ვვარაუდობდი. აღმოჩნდა, რომ ყველა დოკუმენტი, რომელშიც დასაბუთებული უნდა ყოფილიყო პრემიების გაცემა და რიგგარეშე წოდების მინიჭება, განადგურებულია. ამას მიაკვლია თვითონ გიგაურის ადვოკატმა, რაც მათ სტრატეგიულ აზროვნებაზე მეტყველებს. მეტსაც გეტყვით, აღმოჩნდა, რომ კაპიტან გიგაურის პირადი საქმეც განადგურებულია. არანაირი დოკუმენტაცია, რომლითაც შეიძლება დადგინდეს, რამ განაპირობა მერაბიშვილის ეს ორი გადაწყვეტილება, არ არსებობს. ფაქტობრივად, იურიდიულად ამ საკითხზე კამათი უსაფუძვლო ხდება. ბუნებრივია, ეს ასეც იქნებოდა,  მერაბიშვილმა და სააკაშვილმა ქვეყანა გაანადგურეს და რა გასაკვირია, რომ  კვალის დაფარვას ცდილობდნენ, ამისთვის დიდი დრო ჰქონდათ.


ახლა თურმე,  ვინც ეს დოკუმენტები გაანადგურა, მასზე მოკვლევა მიმდინარეობს. მომდევნო პროცესზე აუცილებლად მოვითხოვთ ბადრი ბიწაძის გამოძახებას, განგვიმარტოს, რის საფუძველზე და ვისზე გაიცა ეს პრემიები. რადგან, სრულყოფილად არ არსებობს იმ ადამიანების სია, ვისზეც პრემიები გაიცა.


ყველაფერი აგებულია ფარისევლობაზე, ტყუილზე, ძალადობაზე, ეს არის მათი სტილი. კაპიტანი გიგაური მერაბიშვილის გამოზრდილი კადრია და აქედან იწყება ყველაზე საინტერესო. მეორე სერია - გზა მერაბიშვილის გამორჩეული თანამშრომლიდან არასამთავრობო ორგანიზაციამდე იყო ძალიან მოკლე და ელვისებური. ეს პროცესი დამახასიათებელია ამ დანაშაულებრივი, კრიმინალური სინდიკატისთვის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა" და მათი ერთგული საზოგადოება ჰქვია.  ბევრმა მათგანმა, ვისაც  უდანაშაულო ადამიანების სისხლში აქვს ხელი გასვრილი, თავი შეაფარა არასამთავრობო ორგანიზაციებს და ადამიანის უფლებების დამცველის მანტიით მოგვევლინა.


ყველაფერი გამომზეურდება და ქართველ საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება, გაიხსენოს, სინამდვილეში რას წარმოადგენენ ეს ფსევდოლიბერალები, ადამიანის უფლებების ფსევდოდამცველები და დემოკრატიის ფსევდომგალობლები. ეს კაპიტან გიგაურის მაგალითზე მოხდება, რათა საზოგადოებისთვის ცხადი გახდეს, ვინ განასახიერებს დღეს ე.წ. არასამთავრობო სექტორს.


არის ერთი ქართული ნათქვამი - „მე შაირი არ მინდოდა, შენ ამტეხე ძალადაო"... სასამართლო მოუნდათ?! პროცესი მოუნდათ?! ისინი მიიღებენ პროცესს. საზოგადოებრივ პროცესს მიიღებენ! მიიღებენ ყველა დოკუმენტაციით, ყველა დასაბუთებით, ვინ არიან, საიდან მოდიან, რას წარმოადგენენ და ვის ემსახურებოდნენ და ემსახურებიან დღეს...


პროცესი დაიწყო და გაგრძელდება, ამ პროცესზე ყველანაირად შევეცდები, რომ  ნათელი გახდეს, ვინ არის კაპიტანი გიგაური, რას წარმოადგენს, საიდან მოდის და რას ემსახურება.  ვიმეორებ, ამის ინიციატორი მე არ ვარ, ეს ინიციატივა მოდის მისგან, ჰოდა, რაც დათესა, იმას მოიმკის.

 

- ბატონო გოგა, პროცესზე ადვოკატის გარეშე იყავით მისული. რატომ მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება?


- მიუხედავად იმისა, რომ საჩივარი ჩემს წინააღმდეგ არის შესული, მე თავის  დასაცავი არაფერი მჭირს. ძალიან კარგია, რომ სასამართლომ მიიღო ეს საჩივარი, უარყოფას ითხოვს ჩემგან... რა უნდა უარვყო? - რომ კაპიტანი გიგაური კაპიტანი გიგაურია? თუ პრემია რომ გასცა?  ის, რაც კაპიტანმა გიგაურმა გააკეთა, ღირსების შელახვაც არის და საქმიანი რეპუტაციისაც, მაგრამ მის მიერ და არა ჩემს მიერ. რა ღირსებაზე, რა საქმიან რეპუტაციასა და პატივზე შეიძლება ლაპარაკი, როდესაც წახალისებას და პრემიას მიიღებ ჯალათისგან. იყავი მონაწილე? ჩაფხუტი გეხურა?  ხელში ხელკეტი გეჭირა?  აღარავითარი მნიშვნელობა არა აქვს.  ჯალათისგან პრემიას და წახალისებას რომ იღებ, შენ ამ ჯალათის სისხლიან ხელს ართმევ შენს ხელს და მის ნამოქმედარს „აპრავებ". გაანადგურეს კვალი, ჰგონიათ... ყველაფერს გამოვიკვლევთ... უამრავი ადამიანია, ვინც იქ მუშაობდა, ყველას მივაკვლევთ და გამოვკითხავთ... პირველ რიგში, ბადრი ბიწაძესთან და მსჯავრდებულ მერაბიშვილითან გავარკვევთ, რაში დაიმსახურეს პრემიები ბიჭებმა და რა დამსახურებისთვის მიიღო გიგაურმა რიგგარეშე წოდება. 


- როდის არის ჩანიშნული შემდეგი პროცესი?


- შემდეგი პროცესი 17 ოქტომბერს არის ჩანიშნული. მოვუწოდებ კაპიტან გიგაურს - ნუ იმალება, მობრძანდეს, დაესწროს სასამართლოს და გასცეს კითხვებს პასუხები. კაპიტანმა გიგაურმა თვითონ ხომ ძალიან კარგად იცის, რაში მიიღო რიგგარეშე წოდება და რაში გასცა პრემიები. გამოვიდეს საზოგადოების წინაშე და თქვას, რით დაიმსახურა, რა შესძინა სახელმწიფოს, შსს-სა და სასაზღვრო უწყებას ისეთი, რითაც ასეთი „ჯილდო" დაიმსახურა. რა დოკუმენტი უნდა მაგას, თქვას, გაგვიმხილოს!  მაგრამ გიგაური ამას არ გააკეთებს. ჩემი ვარაუდით, მან ძალიან კარგად იცოდა, რომ ყველა დოკუმენტი განადგურებულია. ამიტომაც იყო ასე არხეინად, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა კაპიტანს! ის ხუხულა, რომელიც მათ ააგეს, თავზე დაენგრათ. ძალიან სერიოზული პროცესი ელოდება კაპიტან გიგაურს და მასთან ერთად ყველა იმ სუბიექტს, ვინც მერაბიშვილის ჯოჯოხეთიდან პირდაპირ არასამთავრობოების „სამოთხეში" ამოჰყო თავი და უფლებადამცველის მანტიით შეიმოსა.












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner