აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შტატებში ჩასვლის მსურველებისთვის ვიზების გაცემა გაამკაცრა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონზე დაყრდნობით New York Times-ი ავრცელებს.
ახალი წესების თანახმად, ვიზის მიმღები პირი ვალდებულია აშშ-ში შესვლიდან სამი თვის განმავლობაში განუხრელად დაიცვას ის მიზანი, რაც ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციაში მიუთითა. ადრე ეს წესი მხოლოდ 1 თვეზე ვრცელდებოდა.
იმ შემთხვევაში, თუ ვიზის მიმღები შტატებში ყოფნის პირველი სამი თვის განმავლობაში ქვეყანაში ყოფნის მიზნებს ცვლის, მაგალითად იწყებს მუშაობას, ქორწინდება აშშ-ის მოქალაქეზე და ა.შ. შესაბამისი უწყებები თვლიან, რომ მან იცრუა და "ყალბი ინფორმაცია" მიაწოდა ვიზის გამცემ ორგანოს.
გამოცემის ცნობით, ასეთ შემთხვევაში პირი შეიძლება ქვეყნიდან გააძევონ, ვიზის მეორედ მიღება კი გაუჭირდება.
გამოცემა ვიზებთან დაკავშირებულ სიახლეს ქვეყანაში საიმიგრაციის პოლიტიკის გატარებაზე პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის ახალ ძალისხმევას უკავშირებს.
28 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კულტურული გაცვლითი პროგრამებისთვის ვიზების შემცირების საკითხს განიხილავს.
ივნისში აშშ-მ 6 მუსლიმური ქვეყნების მოქალაქეებისთვის ვიზების მიღების წესები გაამკაცრა. ირანის, იემენის, ლიბიის, სირიის, სომალისა და სუდანის მოქალაქეები ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის მიღებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ მათი ვიზიტის მიზანი საქმიანი შეხვედრა ან ახლო ნათესავების მონახულება იქნება.
ასევე ცნობილია, რომ ვიზის გაცემაზე ახალი წესები სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული სახელების მითითებასაც კი ითვალისწინებს.