უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრა შეაჯამა. უკრაინის ლიდერის ცნობით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს შეთავაზებას დონბასში გაერო-ს სამშვიდობო მისიის თაობაზე.
„შევთანხმდით, რომ ჩვენი მთავარი მიზანი დეოკუპაცია, სუვერენიტეტის აღდგენა და უკრაინაში რაც შეიძლება მალე მშვიდობის მოტანაა. ეს ისაა, რაც მინდა, როგორც უკრაინის პრეზიდენტს და რაშიც მხარს გვიჭერენ მსოფლიოს საკვანძო ქვეყნები.
აშშ სრულად მხარს უჭერს უკრაინის წინადადებებს, ჩემს წინადადებებს, რომელიც ჯერ კიდევ 2015 წელს გამოცხადდა - ქვეყნის აღმოსავლეთში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამშვიდობოების განთავსების თაობაზე, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მანდატით", - აღნიშნა პოროშენკომ.
მან ხაზი გაუსვა, რომ გაერო-ს სამშვიდობოებმა უნდა გააკონტროლონ უკრაინა-რუსეთის საზღვარიც, რაც გამორიცხავს ქვეყანაში რუსული ჯარების შეღწევას და ხელს შეუწყობს მშვიდობას.
ტრამპი-პოროშენკოს შეხვედრა ნიუ იორკში დაახლოებით ერთ საათს გრძელდებოდა.