დღეს, საქართველოს მთავრობამ მოიწონა ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია შპს „ჯეო ფაუერს" შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ ძეგვში, მდინარე მტკვარზე „ძეგვიჰესის" მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური საკითხების შესწავლას, მშენებლობას, ფლობასა და ოპერირებას.
„ძეგვი ჰესის" სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 15,7 მგვტ, ხოლო სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 24მლნ აშშ დოლარია.
მემორანდუმის პროექტის თანახმად, კომპანიას მიენიჭება ექსკლუზიური უფლება 12 თვის განმავლობაში ზემოაღნიშნულ მდინარეზე განახორციელოს სრულყოფილი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, მოამზადოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, ჩაატაროს საჯარო განხილვები და ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ წინადადება წარუდგინოს საქართველოს მთავრობას. კომპანია კისრულობს ვალდებულებას, მშენებლობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში აიღოს მშენებლობის ნებართვა, ხოლო 30 თვის ვადაში ექსპლუატაციაში მიიღოს ჰიდროელექტროსადგური.
ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღებიდან 15 წლის განმავლობაში, სექტემბრიდან აპრილის ჩათვლით ელექტროსადგურის სრული ფაქტობრივი გამომუშავების რეალიზაცია განხორციელდება მხოლოდ საქართველოს ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო დანარჩენ თვეებში, კომპანიას შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ, მოახდინოს ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ექსპორტი.