უკრაინის კულტურის სამინისტრომ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის წარდგინებით 27 ადამიანი დაამატა იმ პირთა ნუსხას, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას აზარალებენ. მათ შორის არიან სერბი რეჟისორი ემირ კუსტურიცა, ამერიკელი მსახიობი სტივენ სიგალი, რუსი მომღერლები, მოქანდაკე ზურაბ წერეთელი და დიდი თეატრის ბალეტის სოლისტი ნიკოლოზ ცისკარიძეც. შესაბამისი განკარგულება უკრაინის კულტურის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
უკრაინის კულტურის სამინისტრომ საფრთხის შემცველ პირთა ნუსხის შექმნა 2015 წლის აგვისტოში დაიწყო და მასში რუსეთში მოღვაწე კულტურის სფეროს წარმომადგენლები შედიოდნენ. დეკემბრის ბოლოს ნუსხა განახლდა.
„შავი სიის" ორი დღის წინ განახლებული ვერსიის მიხედვით, ნუსხაში უკვე 112 ადამიანია. უკრაინის ხელისუფლება ქვეყნისთვის საფრთხის შემქნელი მსახიობების მონაწილეობით სახელმწიფოს ტერიტორიაზე ფილმების ჩვენებასაც კრძალავს.