ლვოვის ოლქის ქალაქ მოსტისკის სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის 3 400 გრივნით (130 აშშ დოლარი) დააჯარიმა. სასამართლომ სააკაშვილი ადმინისტრაციული წესით, დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
თავად მიხეილ სააკაშვილი განაჩენის გამოცხადების დროს დარბაზში არ იმყოფებოდა. მოსამართლე იური ბილოუსის გადაწყვეტილებით, სააკაშვილმა ასევე უნდა გადაიხადოს სასამართლოს გადასახადი, 320 გრივნას ოდენობით.
მიხეილ სააკაშვილმა მომხრეებთან ერთად უკრაინის საზღვარი პოლონეთიდან, შეგინის გამშვებ პუნქტზე 10 სექტემბერს გაარღვია. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, საზღვრის გადაკვეთაში 60-მდე ადამიანი მონაწილეობდა.