პუერტო რიკოში კაშხლის დაზიანების გამო, რამდენიმე ქალაქში ევაკუაცია გამოცხადდა. კაშხალი ქარიშხალმა „მარიამ" დააზიანა, რომელმაც კუნძულს გადაუარა. ამინდის ეროვნული სამსახური წყალდიდობის საფრთხეს პროგნოზირებს.
ევაკუაციის ბრძანება ქალაქებმა - იზაბელამ და ქუებრადილასმა მიიღეს. მოსახლეობის ევაკუაცია ავტობუსებით მიმდინარეობს.
ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ წყალდიდობის საშიშროების გამო, თავი შემაღლებულ ადგილებს შეაფარონ.
კაშხალი 1920-იან წლებში აშენდა და მის წყალს კუნძულზე უმთავრესად მოსარწყავად და სასმელად იყენებენ. სტიქიის გამო, კუნძულის მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.