logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია: ტიმოშენკო, ნალივაიჩენკო და სააკაშვილი კრემლის კარგად შენიღბული ტროას ცხენები არიან!
- +

23 სექტემბერი. 2017. 02:28


„გამორიცხული არ არის, ამერიკელები პოროშენკოს შემცვლელს ეძებდნენ და სწორედ ეს გახდა სიგნალი სააკაშვილისთვის, რამაც უბიძგა მას ბოლოდროინდელი მორიგი გააქტიურებისკენ უკრაინაში. პარალელურად, სააკაშვილის მოსათოკად, ამ სამიოდე  თვის წინ უკრაინის ცენტრალურმა არხმა გოგა ხაინდრავას ფილმი „ჰეროკრატია" შეიძინა. გამორიცხული არ არის, სწორედ ასეთი მეთოდებით ცდილობდეს პოროშენკო სააკაშვილის უკრაინელი მომხრეებისთვის გონების გახსნას", - ამის შესახებ პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ვახტანგ მაისაიამ for.ge-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

 

- ფაქტია, რომ სააკაშვილს გარკვეული რაოდენობის მომხრეები, უკრაინელ სასულიერო პირებს შორისაც მოეძებნება. ამდენი ხნის განმავლობაში რებუსად რჩება, ვის იმედადაა გულმოცემული სააკაშვილი უკრაინაში, თავის „მშობლიურ" მიწაზე, როგორადაც იგი უკრაინას მოიხსენიებს?


- სააკაშვილს ჰყავს მცირე ტიპის მომხრეები, რომლებიც კარგად ჩანდნენ „იუთუბზე". სააკაშვილი გახდა ერთი დღის გმირი, მეტი არაფერი. უკრაინაშიც კი, სადაც იგი რეფორმატორად ჩავიდა, თავი გამოიჩინა ანტირეფორმატორად. ფაქტობრივად, მისი რეიტინგი იყო 3%,  ეს მაჩვენებელი შალვა ნათელაშვილის რეიტინგსაც ვერ უტოლდება. „გირჩის" რეიტინგსაც კი ვერ ქაჩავს, ჯაფარიძე-„რესპუბლიკელების" რეიტინგსაც ვერ ეწევა. შალვას უფრო მეტი რეიტინგი აქვს, ზურაბ ჯაფარიძეს კი რა რეიტინგი აქვს, 1%-იც არ გააჩნია.


მიკვირს, პოლიტიკური მითოლოგიებით რომ აბოლებენ სააკაშვილის მომხრეები ხალხს. ეს იგივეა, როგორც პინოქიო აბოლებდა თავის მეგობრებს და ირგვლივ მყოფ ადამიანებს. თავის დროზე სააკაშვილს „პოლიტიკური პინოქიო" ვუწოდე და არ შევმცდარვარ, რადგან პინოქიობას დღევანდელ ვითარებაშიც აგრძელებს. სააკაშვილს არანაირი შანსი არ აქვს, გახდეს უკრაინის პრეზიდენტი. მისი გუბერნატორობაც მაქსიმუმზე მაქსიმუმი იყო. თუნდაც იმიტომ ვერ გახდება უკრაინის პრეზიდენტი, რომ მას არ გააჩნია საცხოვრებელი ცენზი, არ გააჩნია მოქალაქეობა, არაპოპულარულია. იგი გახლავთ  „მარიონეტკა" და მას კარგად იყენებს ნალივაიჩენკო და ტიმოშენკო. სწორედ ამ ტროას ცხენის მეშვეობით სურს ტიმოშენკოს, შევიდეს უკრაინის პოლიტიკაში. მიუხედავად ტიმოშენკოს მაღალი რეიტინგისა, ის მაინც მეორე ადგილზეა და რეალური მხარდამჭერები არ ჰყავს. ტიმოშენკოს მხოლოდ იმის გამო გააჩნია რეიტინგი, რომ იგი ოპოზიციაშია. როგორც კი მოვა ხელისუფლებაში, ტიმოშენკოს რეიტინგი ეგრევე ნულამდე დაეცემა.

 

- სწორედ ტიმოშენკოს გაუწია დათვური სამსახური სააკაშვილმა საქართველოდან უკრაინაში წარგზავნილი დესანტის გადასხმით, რომელსაც გივი თარგამაძე ხელმძღვანელობდა. იმ პერიოდში ქართველმა ზონდერჯგუფებმა ქულები დააკარგვინეს ტიმოშენკოს. ხელმეორედ რატომ უშვებს შეცდომას ტიმოშენკო?


- ტიმოშენკოსა და სააკაშვილს შორის მტრობა არ დასრულებულა. უნდა გენახათ, როგორ უყურებდა ტიმოშენკო, როცა ის სააკაშვილს ხვდებოდა პოლონეთში. მიმიკური, ფსიქოლოგიური ჟესტებით რომ ვისაუბროთ, ტიმოშენკო ისევე მიესალმა სანდრას, როგორც მე მივესალმებოდი სააკაშვილს, ან კიდევ, როგორც ივანიშვილი ესალმებოდა სააკაშვილს, როცა ივანიშვილი გახლდათ პრემიერი, ხოლო სააკაშვილი - პრეზიდენტი და ისინი ვალდებულნი იყვნენ ერთმანეთთან კომუნიკაცია ჰქონოდათ. ასევე მიესალმებოდნენ ერთმანეთს რეიგანი და ანდროპოვი. ტიმოშენკოსა და სანდრას შორის არავერბალური კომუნიკაცია ჩემთვის უფრო მეტს ნიშნავდა. ამდენად, სააკაშვილი მხოლოდ უვარგისი გამწევი ძალა, უვარგისი ლოკომოტივია. მან გადაიფიქრა კიევში ჩასვლა, რადგან იცის, რომ კიევში აბსოლუტურად წააგებს. მან დასავლეთ უკრაინაშიც ვერ შეძლო თავისი მომხრეების მობილიზაცია.


- მიუხედავად ამისა, 19 სექტემბერს კიევის მფარველი მიქაელ მთავარანგელოზის დღეს აპირებდა კიევის გადარჩენას ბოროტებისგან ისევე, როგორც საქართველოში წმინდა გიორგის თარიღებს ამთხვევდა ყველა ღირშესანიშნავ ღონისძიებას.


- დიახ, მაგრამ მან მოიარა უკრაინა, მომხრეები ვერ მიიზიდა. მხოლოდ ივანო-ფრანკოვსკის საბჭომ, ანუ ერთმა ადგილობრივმა თვითმმართველობის ორგანომ დაუჭირა მხარი, რომელსაც არანაირი გავლენა არ გააჩნია. თავად ამ საბჭოს დღეები დათვლილია და თავისი მოსახლეობაც უნდობლობას უცხადებს. ასეთ მარგინალურ ტიპებთან გააბა სააკაშვილმა ურთიერთობა.  ფაქტობრივად, მან თავი შეჰყო ხაფანგში, ტაქტიკურ დონეზე  მოიგო, სტრატეგიულად კი წააგო. ეს იმითაც გამოიხატება, რომ ლვოვის საქალაქო საბჭომ ის ბრალდება, რომელიც წაყენებული ჰქონდა დავით საყვარელიძეს, ანუ სააკაშვილის მარჯვენა ხელის ბიჭს, დაადასტურა.


ფაქტია, სააკაშვილმა თავისი მომხრეები დარტყმის ქვეშ დააყენა, ბევრი მისი მომხრე, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ე.წ. გარღვევაში, დღეს დაპატიმრებულია. სააკაშვილს იმის შნოც არ აქვს, ეს ადამიანები გამოიხსნას, მას არც აინტერესებს საკუთარი თანამებრძოლები. მან ხომ თხასავით გაყიდა უახლოესი მეგობარი- მერაბიშვილი, ძმები ახალაიები, გიგი უგულავა, რომელმაც ამიტომაც უწოდა სააკაშვილს პოლიტიკური ჯართი, რომ სააკაშვილმა იგი გაწირა. ასევე, გაწირავდა ის საკუთარ დედასაც და ცოლ-შვილსაც, რადგან მან თავისი პატარა ბიჭი დარტყმის ქვეშ დააყენა და იქ რა მოხდებოდა, არავინ იცის. იქ რომ ამტყდარიყო სროლა, ნასროლი ვისკენ წავიდოდა, არავინ იცის.


- ეს გაწირვა უფრო იყო, თუ გარანტიების მიცემა სააკაშვილისთვის? საქართველოში ბევრს საუბრობენ სააკაშვილ-პოროშენკოს ალიანსზე.


- ეს არავითარი ალიანსი არ არის. უბრალოდ, პოროშენკო დადგა ამ მდაბიოზე მაღლა და ცეცხლის გახსნის ბრძანება არ გასცა, რათა სისხლი არ დაღვრილიყო. პოროშენკოს მეტი სამოქალაქო და პოლიტიკური პასუხისმგებლობა გააჩნია. რაც შეეხება ტიმოშენკოს, ის ავანტიურისტი და ისეთივე ნაძირალა პოლიტიკოსია, როგორც სააკაშვილი. ქალმა, რომელიც ანტირუსული ისტერიკით გახდა პრემიერ-მინისტრი, ბოლოს საკუთარი სამშობლო გაყიდა რუსულ „გაზპრომზე". იანუკოვიჩი იძულებული იყო, დაეპატიმრებინა ტიმოშენკო, თორემ ეს ქალბატონი არავითარი პოლიტპატიმარი არ ყოფილა, ის მართებულად დაიჭირეს. მან ხომ, ფაქტობრივად, „გაზპრომს" მიჰყიდა მთელი სტრატეგიული საკომუნიკაციო სისტემები,  სტრატეგიული ობიექტები.


- ფაქტია, რომ უპასპორტო ადამიანი, რომელიც ირწმუნება, რომ პასპორტი მოპარეს, უკრაინაში თავისუფლად გადაადგილდება. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა, ხომ არ მოხდება უსუსურად წარმოჩენილი პოროშენკოს ჩანაცვლება?


- შესაძლოა, უკრაინის სასამართლომ სააკაშვილის დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღოს, მას გააპანღურებენ უკან, საიდანაც მოვიდა. სააკაშვილი ხელმეორედ ვეღარ შევა იმ ე.წ. ტრიუმფით, როგორც კეისარი შევიდა რომში ტრიუმფით.

 

- ანუ აეროპორტის ტერმინალშიც ვეღარ იცხოვრებს, როგორც ირწმუნებოდა? მაგრამ სად გაუშვებენ?


- მას გააპანღურებენ და ამით მორჩება სააკაშვილის პრობლემა. სხვათა შორის, ამით სააკაშვილმა პოროშენკოს კარგი საქმე გაუკეთა. ფაქტობრივად, პოროშენკომ მოახერხა, მოეხდინა თავისი მოწინააღმდეგეების გაუვნებელყოფა. სააკაშვილი პოროშენკოსთვის არაფერია. მთავარია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ხალხს დაანახა, რომ ტიმოშენკო, ნალივაიჩენკო და  ძმანი მათნი სახელმწიფო საზღვრის შემლახავები არიან და მათ თავიანთ რეიტინგს დარტყმა მიაყენეს.


პოროშენკომ 5 წუთში გააუვნებელყო სააკაშვილი, ის ჯერ შეიყვანა თავის საზღვარზე, ხელი არ ახლო, მაგრამ მის ირგვლივ ყველანი დაიჭირა, მათ შორის, საყვარელიძეც უკვე ტაფაზეა შემოდებული და, როგორც კეზერაშვილი, უგულავა, ბოკერია გადაუდგნენ სააკაშვილს და გახდნენ მისი პირადი მტრები, ასევე, სხვებიც ხელიდან ეცლებიან. მათ შორის, გია გეწაძე, სააკაშვილის მიერ გაპიარებული  ერთგული მონა, დღეს პოროშენკოს მონაა. იგი სააკაშვილს  კიევშივე გადაუდგა და ჩვენ ვიხილეთ, როგორ აგინებდა გეწაძე სააკაშვილს.


 უკრაინული ვოიაჟით მან უკვე უკრაინაში დაკარგა საკუთარი მომხრეები, ის მომხრეები, რომლებიც მას გაჰყვნენ, როგორც ერთგვარ გმირს უკრაინაში. დღეს სააკაშვილი იზოლაციაშია, არავის სჭირდება. სააკაშვილი მაგონებს ცრუ ნერონს. მოგეხსენებათ, ლიონ ფოიხტვანგერს აქვს გენიალური რომანი „ცრუ ნერონი". შემთხვევითი არ არის - სახელწოდება  „ჰეროკრატია". ფაქტობრივად, უკვე შეჩერდა სააკაშვილის ჰეროიზაცია. რატომ უნდა დაიჭირონ უკრაინაში ეს დაბალი რანგის პოლიტიკოსი, რომელსაც რეიტინგიც არ აქვს?


იანუკოვიჩის მიერ თავის დროზე დაჭერილ ტიმოშენკოს კიდევ ჰქონდა რეიტინგი, ის იყო საშიში მოწინააღმდეგე. ამიტომაც იანუკოვიჩმა გამოიყენა „გაზპრომის" საქმე და ტიმოშენკო მოიშორა. აბა, ტიმოშენკოს რომ არ ჰქონოდა რეიტინგი, დაიჭერდნენ? რა თქმა უნდა, -არა. სააკაშვილი კი ვის რაში სჭირდება? ამიტომ გააპანღურებენ. ამით სააკაშვილის ფიგურა დასრულდება. სამაგიეროდ, მის მომხრეებს სასტიკად დასჯიან.


- მაგრამ კიდევ ერთი დიდი „მოაზროვნე" - ვლადიმერ ჟირინოვსკი სააკაშვილის ენერგეტიკას სტალინისა და ორჯონიკიძის ენერგეტიკას ადარებს და მიიჩნევს, რომ სააკაშვილი პოროშენკოსაც ჩააჩოჩებს, ავაკოვსაც, რადგან უკრაინელები მასში დემოკრატ სტალინს ხედავენ. ჟირინოვსკისეული შეფასება რეალურად კრემლის მოსაზრების გახმიანებაა სააკაშვილის შესახებ?


- როგორც მე ვიცი, ისინი უახლოესი ძმაკაცები არიან. 2006 წლის მაისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე პირადად ვნახე, როგორ გადაეხვია ჟირინოვსკი სააკაშვილს, ორივემ საღამოს ერთად ივახშმეს და წავიდნენ ქალებში. ახლაც, ჟირინოვსკი ახმიანებს კრემლის მოსაზრებებს, რადგან კრემლს აწყობს სააკაშვილის ტროას ცხენის იმპლანტაცია. შემთხვევითი არ არის, რომ სააკაშვილის გარშემო დონბასის მებრძოლები იყვნენ, ნალივაიჩენკო, რომელიც გამოაგდეს, რადგან მან სახელმწიფო საიდუმლოება გათქვა და ტიმოშენკო, რომელმაც ითამაშა რუსული „გაზპრომის" თამაში. მოსკოვს უნდა, რომ ტიმოშენკო უკრაინის ხელისუფლებაში მოიყვანოს. შემთხვევითი არც ის არის, რომ ტიმოშენკოს პარტიაში შევიდა ნადეჟდა სავჩენკო, რომელიც იყო უკრაინის გმირი და დღეს ლაპარაკობს, რომ თურმე რუსეთთან უნდა მოხდეს პირდაპირი მოლაპარაკების დაწყება. რა თამაშს თამაშობს სავჩენკო, არავინ იცის. ამდენად, დღეს ტიმოშენკო, ნალივაიჩენკო და სააკაშვილი კარგად შენიღბული კრემლის ტროას ცხენები არიან.

 

- ხომ არ იწურება უკრაინაში უცხოელების მიმართ ზედმეტად მინდობის ხანა?


- საიდან მიიღო სააკაშვილმა ფინანსური დახმარება? როგორც ჩანს, ეს ფული მას მისცა უნგრეთის პრემიერმა ურბანმა. უნგრეთიდან ის გადავიდა პოლონეთში და იქიდან დაიწყო სვლა. როგორც კი სააკაშვილი გადავიდა უკრაინაში, უნგრეთმა იმავე დღეს, როცა სააკაშვილმა გადალახა საზღვარი, უკრაინას ულტიმატუმი წაუყენა, გამოუცხადა დიპლომატიური ომი. უნგრულმა მხარემ აღნიშნა, რომ ამიერიდან უნგრეთი არც ერთ საერთაშორისო არენაზე აღარ დაეხმარება უკრაინას და კატეგორიულად მოსთხოვა ენის შესახებ კანონის გაუქმება.


ამ მოვლენებიდან სამი კვირით ადრე კი უნგრეთში ჩასული იყო ვლადიმერ პუტინი, რომელიც დახურულ კარს მიღმა სამი საათი ესაუბრა ბატონ ურბანს. სწორედ იმ პერიოდში უნგრეთში ჩადის მიხეილ სააკაშვილი. ეს არის მთელი კომბინაციური სქემა. ასე რომ, უკრაინელები „ჰეროკრატიას" გვირგვინივით დაადგავენ თავს სააკაშვილს, იმიტომაც აჩვენებენ მის რეპრესიულ პერიოდს. შესაძლოა, „ჰეროკრატიაც" აღარ დასჭირდეს, მისი რეიტინგი ისედაც დაცემულია.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner