„მე დღესაც ბიძინა ივანიშვილის იმედი მაქვს და მინდა, ვთხოვო მას: გულთან არ მიიტანოთ იმათი ბჟუტური, ვინც 24 საათი თქვენს ქილიკშია", ამ განცხადებას მსახიობი ლალი ბადურაშვილი „ასავალ-დასავალთან" საუბრისას განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი აქტიურად უნდა ჩაერთოს პოლიტიკაში.
„გულზე ვსკდები, როგორ ვერ მიაქვთ ხალხამდე ის, რაც გააკეთეს. ხელისუფლებამ ამ სამ წელიწადში იმდენი რამე შეძლო, მოსახლეობას წარმოდგენაც არ აქვს. ნაციონალები დღემდე 100-დან 99-ს ტყუილს ამბობენ. თქვე დალოცვილიშვილებო, გამოდით და თქვით, რომ ბევრი რამ გაკეთდა სოფლის მეურნეობაში, ჯანდაცვის სფეროში. ლაპარაკს რაღა უნდა, შე კაცო?! „ოცნების" ბევრი აქტიური წევრი, მათ შორის ჩემი მეგობარიც, ისე გოდრებივით სხედან პარლამენტში, მე მრცხვენია მათ ნაცვლად.
ნერვები მეშლება იმაზეც, გაუთავებლად რომ გაიძახიან, პროცესებს ბიძინა მართავსო. მისი მოყვანილია ეს ხალხი და აბა, ვის უნდა ჰკითხონ აზრი?! თუ მაია ასათიანს შეუძლია, დააბრეხვოს თავისი „ბრძნული" აზრები, ჩერგოლეიშვილი გამოვიდეს და ჭკუა გვასწავლოს, ბიძინას რატომ უნდა ჩამოვართვათ სიტყვის უფლება?! ჩვენ, ყველამ ერთად, იმის მეათასედი გავაკეთეთ, რაც ამ ერთმა კაცმა შეძლო?! ხმაც აღარ ამოვაღებინოთ?! პირიქით, სწორედ ბიძინამ უნდა მოსთხოვოს მათ პასუხი და აიძულოს საქმის კეთება.
რესპუბლიკელებში რომ გონიერი და ინტელექტუალი ხალხია, ცხადია, მაგრამ როგორ ფიქრობთ, რატომ ჰქონდათ ყოველთვის 2-პროცენტიანი რეიტინგი?! იმიტომ, რომ ქვეყნის სიყვარულით არ უძგერთ გული!
მე დღესაც ბიძინა ივანიშვილის იმედი მაქვს და მინდა, ვთხოვო მას: გულთან არ მიიტანოთ იმათი ბჟუტური, ვინც 24 საათი თქვენს ქილიკშია. პირიქით, აქტიურად ჩაერთეთ პოლიტიკაში და პასუხი მოსთხოვეთ მათ, ვისაც ქვეყნის მართვა ევალება", - განაცხადა ბადურაშვილმა.