logo_geo
eng_logo
„სიცოცხლის ხის“ საიდუმლო და 30 კარის ისტორია - ქანდაკება, რომელიც თბილისზე გიამბობთ
- +

24 სექტემბერი. 2017. 02:09

 


თბილისის რიყის პარკში გამვლელთა ყურადღებას 10 მეტრის სიმაღლის ქანდაკება იქცევს. მას ტურისტები გულგრილად არასდროს ჩაუვლიან. თბილისში კიდევ ერთხელ ჩამოსვლის ნიშნად, ხის ფუღუროში ფულს ყრიან, შეყვარებული წყვილები კი, ხეზე ბოქლომს კიდებენ, სიყვარულისა და ერთგულების ნიშნად.


თბილისელებმა ქანდაკებას „ნატვრის ხე" შეარქვეს. თავად ქანდაკების ავტორი მას „სიცოცხლის ხეს" უწოდებს, რადგან ხეზე ძველი თბილისი გააცოცხლა.


„ინატრებ რამეს, ჩაუთქვამ სურვილს და აგისრულდება. მე ძალიან მომწონს ეს ხე, კარგია რომ დადგეს. რატომ არ უნდა მომწონდეს?" - ამბობს შემთხვევით გამვლელი.


როგორც „სითი კვირას" „სიცოცხლის ხის" ავტორმა, მოქანდაკე დავით მონავარდისაშვილმა განუცხადა, სიცოცხლის, ან ჯადოსნური ხის ქანდაკების გაკეთების იდეა დიდი ხნის წინათ ჰქონდა, რომელზეც წარმოდგენილი იქნებოდა ძველი თბილისი, თავისი ისტორიით. თბილისის მერიაში ესკიზი კონკურსამდე 9 თვით ადრე წარადგინა. კონკურსის შედეგებს არ დალოდებია, ისე დაიწყო ხის შესაქმნელად საჭირო ნივთების შეგროვება. გულის სიღრმეში სჯეროდა, რომ იდეის განხორციელების საშუალება მიეცემოდა. ქანდაკების შესაქმნელად 4 თვე მისცეს.


​როგორც თავად ამბობს, რთული სამუშაო იყო. სამი ელექტროშემდუღებელი ეხმარებოდა. დიდი ენერგია დასჭირდა იმასაც, რომ უზარმაზარი კონსტრუქცია მყარად მდგარიყო. რიყის პარკში ნაწილ-ნაწილ მიიტანეს და ადგილზე ააწყვეს. ​


​ხის ქანდაკების ტოტებზე სხვადასხვა მასალისგან გამოძერწილი ჩიტები სხედან, ზოგი კერამიკისაა, ზოგიც ლითონის, ზოგიც სხვადასხვა ნივთებით აწყობილი, მაგალითად, ბუ ხურდა ფულის მონეტებისა და საათის ნაწილებისგან არის შექმნილი. ხის ტოტებზე, ჩიტის ბუდეებივით გაფანტულან ძველი თბილისის სახლები.


"ალბათ, ჩემი ჩანაფიქრიც ეს იყო, რომ სიცოცხლის ხე გამეკეთებინა, რომელშიც ძველი თბილისი იქნებოდა მოდელირებული", - ამბობს მოქანდაკე.


ხის ქანდაკების მეშვეობით გადმოცემული სიუჟეტები, ძალიან დამახასიათებელია თბილისისთვის. თავად ვერაზე ცხოვრობდა, კარგად იცნობს ძველი თბილისის შიდა ეზოებს, სადაც საერთო წყლის ონკანი აქვთ. მან ეს ხეზეც ასახა, საბჭოთა ონკანი აქვს მოდელირებული. აქვე ნახავთ ძველი თბილისური სახლებიდან მოხსნილ კარის ძველებურ სახელურებს.


თბილისი რომ ტოლერანტულია სხვა რელიგიების მიმართ, არც ეს დავიწყნია. ხეზე ნახავთ მინარეთს, სინაგოგას, სულ ზევით, სიმაღლეზე კი ანჩისხატის ეკლესია დგას. ამ ეკლესიასთან ბეწვის ხიდებით არის შეერთებული დანარჩენი ძველი თბილისი.


​მრავალ საინტერესო დეტალს შორის, ხეზე ნახავთ ლითონის სამხედრო ჩაფხუტს, რომელშიც ჩიტის ბუდეა გაკეთებული. ამ დეტალით ავტორი შეგვახსენებს მრავალ ომგამოვლილი თბილისის წარსულს, ომის საწინააღმდეგო სიმბოლოდ კი, ჩაფხუტი ჩიტის ბუდე უქცევია. ხის ტოტებზე ლითონის პატარა რკოებიც კიდია.


​რამდენიმე სახლი ძველი ქართული თუნგებისგან არის დამზადებული. დროის სიმბოლოს კი ხეზე დაკიდებული საათი წარმოადგენს. ტოტები ერთმანეთთან ბეწვის ხიდებით უკავშირდებიან.


„ხის ძირითად ღეროში ბევრი, ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი საბუხრე კარია ჩამონტაჟებული, ზოგი რუსეთის იმპერატორ ნოკოლოზის დროინდელია, ზოგი კომუნისტების ეპოქის, ზოგს ვარშავა აწერია, ზოგს თბილისი. ზოგს რუსული წარწერა აქვს, ზოგს უკრაინული. იმ ქალაქების სახელები აწერია, სადაც დამზადდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი ქალაქი ძალიან სტუმართმოყვარეა. ხეში 30 კარი ჩავამონტაჟე, ზოგი ღიაა, ზოგი ნახევრად ღიაა, ზოგი დაკეტილი. ცხოვრების გზაზე, შენს წინაშე, ყოველთვის უამრავი კარია და შენზეა დამოკიდებული, რომელს გააღებ, რომელი მიმართულებით წახვალ, ასეთი სიმბოლო ჩავდე. „სიცოცხლის ხე" უამრავი კარით და უამრავი პრიზმით არის მოდელირებული", - ამბობს მოქანდაკე.


ხესთან სკამი და პატარა ძაღლია გაკეთებული, იმისთვის რომ ქალაქის სტუმარი, ან თბილისელი ჩამოჯდეს და დაისვენოს.


როგორც დავით მონავარდისაშვილი ამბობს, ძალიან უყვარს ეს ქალაქი და მოხარულია, რომ რიყის პარკში ამ ქანდაკების განთავსების საშუალება მიეცა.


ხეზე ბოქლომებსაც ნახავთ, მაგრამ ეს ტურისტების ნახელავია.


„ქანდაკებებს, როგორც წესი პოსტამენტზე დგამენ და იმას ვერ მიწვდები. მინდოდა ჩემი ნამუშევარი ხელშესახები ყოფილიყო. სკამი და ეს პატარა ძაღლიც იმისთვის გავაკეთე, რომ ადამიანები ხელით შეეხონ მას", - განაცხადა დავით მონავარდისაშვილმა და კიდევ ერთი საიდუმლო გაგვიმხილა. ხეს აქვს საიდუმლო კარი, რომლის გაღება და ხის შიგნიდან ​დათვალიერებაა შესაძლებელი. ხეს რამდენიმე ფუღურო აქვს, სადაც ტურისტები ხურდა ფულს ყრიან. ამდენად, ფული ხეში ინახება და ერთ მშვენიერ დღეს, როცა ხის საიდუმლო კარი გაიხსნება, შიგ თავმოყრილი თანხის რაოდენობის შესახებაც შევიტყობთ.


„მაშინ ვთქვი, რომ წელიწადში ერთხელ, „თბილისობის" დღესასწაულზე გავხსნიდი ამ კარს და თანხას იმ ორგანიზაციებს გადავცემდი, რომლებიც უსახლ-კარო ბავშვებზე ზრუნავენ. კარი ჯერ არ გამიხსნია. ჩემს გაკეთებულ ბოქლომზე ტურისტებს სხვა ბოქლომებიც შეუბამთ. იძულებული ვარ მათი ბოქლომები გავჭრა და საიდუმლო კარი ისე გავაღო", - ამბობს მოქანდაკე.


„თბილისობის" დღესასწაულზე წლეულს, საიდუმლო კარი პირველად გაიხსნება. თანხას, კი იმ ორგანიზაციას გადასცემენ, რომელიც უსახლ-კარო ბავშვებზე ზრუნავს. დავით მონავარდისაშვილის იდეაც ამაში მდგომარეობდა, რომ "სიცოცხლის ხეს" მცირედი წვლილი შეეტანა ქალაქის ცხოვრებაში.


„კონკრეტულად არ მინდოდა რამე დამერქმია ამ ქანდაკებისთვის. ჩემი სახლისა და გვარის გასწვრივ წერია - „ხე". ვისაც რა უნდა, ის დაარქვას. ზოგისთვის "ნატვრის ხეა", ზოგისთვის "სიცოცხლის ხე". სრული თავისუფლებაა", - განაცხადა მოქანდაკემ.


როგორც "სითი კვირას" დავით მონავარდისაშვილმა განუცხადა, ხის ქანდაკების შესაქმნელად ოფიციალურად 78 000 ლარი გამოიყო, რომელიც ძირითადად ხელფასებსა და მასალაში დაიხარჯა. ხის შექმნაზე კი 6 ადამიანი მუშაობდა.





 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 








 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner