logo_geo
eng_logo
„ეს იქნება საერთო სტუდენტური გაფიცვა“ - სტუდენტები 16 აპრილს აქციას გამართავენ
- +

14 აპრილი. 2016. 13:53


შაბათს, 16 აპრილს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში  სტუდენტები საპროტესტო აქციას გამართავენ. მინისტრ თამარ სანიკიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ, სტუდენტები აცხადებენ, რომ უწყებამ მათი ძირითადი მოთხოვნები არ გაითვალისწინა და ყოველივე უცვლელად დატოვა.


 

„შეხვედრა შეეხებოდა კანონპროექტს, რომელიც სამინისტრომ გამოგვიგზავნა და სადაც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ჩვენი მოთხოვნები. პირველი - ეს იყო თვითმმართველობის სისტემის გაუქმება. მივიღეთ ის, რომ სიტყვა „თვითმმართველობა" შეცვლილია სიტყვით „კლუბი". ვხედავთ იგივე სისტემას, რომელიც არ იცვლის საკუთარ სახეს, უბრალოდ იცვლება პოლიტიკური თამაშის წესები, ხოლო შინაარსი უცვლელი რჩება. რა სისტემის ცვლილებაზეა საუბარი, როცა მხოლოდ სიტყვა იცვლება. გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, სამინისტრომ არ დაგვიტოვა გამოსავალი, ამიტომ შაბათს, 16 აპრილს, 14:00 საათზე ვგეგმავთ აქციას თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში. ეს იქნება საერთო სტუდენტური გაფიცვა. მთავარი მოთხოვნები კი იქნება უცვლელი", - განაცხადა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „აუდიტორია 115"-ის წარმომადგენელმა რატი რატიანმა.

 

 

სტუდენტ მარიამ ბოგვერაძის განცხადებით, სტუდენტთა მოთხოვნები ამ დრომდე არ არის შესრულებული და  კვლავ დგას აკადემიური საბჭოს, თვითმმართველობის სისტემის გაუქმებისა და რექტორის არჩევის წესის საკითხი.

 

„მოვითხოვთ მოხდეს განათლების სისტემის სრული რეფორმირება, უნდა მოხდეს სტუდენტური თვითმმართველობის სტრუქტურის გაუქმება და წარმომადგენლობითი ფუნქციის გადაცემა საბჭოებში პირდაპირი წესით არჩეული სტუდენტებისთის, უნდა მოხდეს რექტორისა და აკადემიური საბჭოს ახალი, დემოკრატიული წესის შემუშავება და დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ უნივერსიტეტი უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა", - განაცხადა თსუ-ს სტუდენტმა.

 


რაც შეეხება სტუდენტების გუშინდელ შეხვედრას თბილისის მერ დავით ნარმანიასთან, ის შეეხებოდა  მაღლივ კორპუსთან კერძო დაწესებულების მშენებლობას, რომელსაც სტუდენტები ეწინააღმდეგებიან. სტუდენტების თქმით, თბილისის მერი მათ ამ მშენებლობების შეჩერებას დაპირდა.   


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner