სამების საკათედრო ტაძარში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები დააბრძანეს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქადაგებისას მრევლს „ეს დიდებული დღე" მიულოცა,
„ხშირად გვეკითხებიან, რატომ არის ქართველი ხალხი ასეთი მორწმუნე, ასეთი რელიგიური, ერი, რომელსაც ჰყავს ამდენი წმინდანი, ასი ათასი მოწამე, თამარ მეფე, წმინდა ნინო, წმინდა ქეთევანი, როგორ შეიძლება ურწმუნო იყოს?! დღეს მთელი ქართველი ხალხი თითქოს შეუერთდა ცას, ცა და ქვეყანა გამთლიანდა, ჩვენთან დაბრუნდა ჩვენი საყვარელი დედოფალი ქეთევანი. მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც იღვაწა და იპოვა ეს წმინდა ნაწილები, ეს არიან სამღვდელოება, ასევე მადლობას ვწირავ ინდოეთის ხელისუფლებას, ელჩს.
ქეთევან დედოფალი შეგვეწევა და უკეთესი ცხოვრება გვექნება", - ბრძანა პატრიარქმა.
მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კულტურის მინისტრს და მიხეილ გიორგაძეს მადლიერების ნიშნად ღვთისმშობლის ხატი უსახსოვრა.
მისივე თქმით, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სამების საკათედრო ტაძარში ხვალ შუადღემდე დარჩება. შემდეგ კახეთში გადააბრძანებენ და „ასე შემოივლის მთელ საქართველოს და შეხედავს, როგორ ცხოვრობს საქართველო მის გარეშე".