მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავარმა პროკურატურამ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
„პროკურატურაში გამოძიება დაიწყო. რა ეტაპზეა, ამაზე არ მაქვს ინფორმაცია. რეაგირება იქნება უმკაცრესი, რადგან ეს არის ამაზრზენი და ამორალური დანაშაული. ისტორიამაც აჩვენა, რომ ჩვენ ამ დანაშაულის მიმართ ვიქნებით უმკაცრესი", - განაცხადა გიორგი გოგაძემ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას განცხადებით, ამ საქმის კონკრეტულ გარემოებებს არ იცნობს, თუმცა საქმეებთან მიმართებაში, რომლებიც არ ექვემდებარება საჯარო გახმაურებას, არსებობს კანონით გათვალისწინებული წესები, რომლებიც ყველამ უნდა დაიცვას.
„18 000-ზე მეტი ფაილია, რომელზეც ათასობით უკანონო ჩანაწერი არსებობს. დიდი ნაწილი, რაც დარჩენილი იყო, განადგურებულია, მაგრამ თავიდანვე გამოითქვა ვარაუდი, რომ ძალიან ბევრი მასალა ყოფილი თანამშრომლების მხრიდან გატანილია. შესაბამისად, ყველა ეს ქმედება არის დასჯადი. ის, რომ სააკაშვილი ასეთი ტიპის ჩანაწერებს აკეთებდა ყველაზე, ვინც იყო აქტიური და მისთვის მიუღებელი, მე მგონი, პირველად არ გვესმის", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მედიაში გავრცელებული ინფრომაციით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოქალაქე გელა ღურწკაია დააკავა. ღურწკაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-ე და 157-ე მუხლებით წაუყენეს, რაც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება-გავრცელებას გულისხმობს. კერძოდ, ღურწკაია მედიით ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებას ცდილობდა.