logo_geo
eng_logo
ოზურგეთში პრობაციის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისი გაიხსნა
- +

25 სექტემბერი. 2017. 14:40



ოზურგეთში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს ახალი,  თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ოფისი  გაიხსნა. ოფისის გახსნას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი,  პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა გრიგოლია და გურიის  პრობაციის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ახალ ოფისში  პირობით მსჯავრდებულებთან ინდივიდუალური მუშაობისათვის ყველა პირობაა შექმნილი. ახალი კონცეფციის ოფისი, ასევე, იძლევა ჯგუფური თერაპიის განხორციელების შესაძლებლობას. უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ ამ ტიპის ოფისებში პრობაციონერებს დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს შეასწავლიან.


ახალგახსნილი ოფისი, რომელიც ოზურგეთის  ცენტრშია განთავსებული, ხელსაყრელია პრობაციონერთა რეგისტრაციის გავლისთვის. ოფისში ფუნქციონირებს ინდივიდუალური გასაუბრებისა და ჯგუფური თერაპიის ოთახები, ოფიცერთა, სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგის კაბინეტები. ახალი კონცეფციის ოფისში კომფორტული გარემოა შექმნილი სხვადასხვა სერვისის მისაღებად.


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის ზვიად მიხანაშვილის განცხადებით,  ახალი კონცეფციის ოფისის ოზურგეთში გახსნა ძალზედ მნიშვნელოვანია და ის ეტაპობრივად  თითქმის ყველა რეგიონში გაიხსნება.


„აუცილებელია, იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სერვისით სარგებლობენ, ყველა ნორმით და სტანდარტით გათვალისწინებული მომსახურება შევთავაზოთ. ოზურგეთის  რეგიონულ  ოფისში ყველა პირობაა შექმნილი მსჯავრდებულთა მისაღებად და სარეაბილიტაციო პროგრამების განსახორციელებლად, რაც ხელს შეუწყობს მომავალში მათ რეაბილიტაცია/რესოციალიზაციას. სასჯელაღსრულების სამინისტრო ამას ხელს შეუწყობს და სხვა რეგიონებშიც გააგრძელებს ახალი  ოფისების გახსნას", - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.


პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზაზა გრიგოლიას განცხადებით, პრობაციის ეროვნული სააგენტო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამასთან, ახალი ოფისი  უზრუნველყოფს პრობაციის ეროვნული სააგენტოს წინაშე არსებული ამოცანების შესრულებას.


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პირობით მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაა. ამ მიზნით სამინისტრო პრობაციონერებს სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო პროგრამებს სთავაზობს. სამინისტრო, ასევე, მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ინფრასტრუქტურის განახლებასა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.


გურიის  პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე 584  პირობითი მსჯავრდებული იმყოფება, ბიუროში 6 თანამშრომელია  დასაქმებული, რომლებიც დღეიდან სრულყოფილად აღჭურვილ, კომფორტულ გარემოში იმუშავებენ.


ახალი კონცეფციის, სპეციალურად პრობაციის ბიუროებისათვის შექმნილი დიზაინით მოწყობილი ოფისები ყველა რეგიონში გაიხსნება.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner