logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილმა დედაენის დღე საქართველოს მოსახლეობას ყარაჯალადან მიულოცა
- +

14 აპრილი. 2016. 15:33


იმედი მაქვს, რომ ქართული ენის შესწავლით ჩვენს სახელმწიფოს, კიდევ უფრო ძლიერს გავხდით!"  - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ეთნიკურად აზერბაიჯანელებს, გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალას საშუალო სკოლაში, სადაც გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტის „ვისწავლოთ ქართული"  ბენეფიციარებს შეხვდა.



პროექტის „ვისწავლოთ ქართული" მეშვეობით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სახელმწიფო ენას ეუფლებიან, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მათ ინტეგრაციას ერთიან ქართულ, სახელმწიფოებრივ სივრცეში.



მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ აქტიური ჩართულობისთვის, რომლითაც თქვენ მონაწილეობთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში. ამ ჩართულობის ერთერთი გამოხატულებაა თქვენი ინტერესი და მოწადინება ქართული ენის შესწავლისათვის.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ძლიერი სახელმწიფო ძლიერ მოქალაქეს ეფუძნება. თავისუფალი სახელმწიფო თავისუფალი მოქალაქეებისგან შენდება და უფრო თავისუფალი და უფრო ძლიერი ხარ, როდესაც, ერთი მხრივ, იცი სახელმწიფო ენა და მეორე მხრივ, იცი ის ძირითადი კანონი, რომლითაც ეს სახელმწიფო ფუნქციონირებს.

ეს კურსი, რაც შედგა, სწორედ ამ ორ უმნიშვნელოვანეს პრინციპს ემსახურება. ეს არის სახელმწიფო ენის - ქართული ენის ცოდნა, იმ ფონზე, რომ თქვენ არ ივიწყებთ თქვენს ენას და მეორე მხრივ, კონსტიტუცია გაძლევთ თქვენ იმის ცოდნას, როგორ ფუნქციონირებს ეს სახელმწიფო.

ეს კურსი უკვე ძალიან ეფექტიანია. მინდა მადლობა გადავუხადო სოფიო შამანიდს, რომელიც ჩვენი მხრიდან კურირებს ამ პროგრამას და მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ამ პროექტშია ჩართული",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ყარაჯალას საშუალო სკოლაში პროგრამის ბენეფიციარებთან შეხვედრისას.



საქართველოს პრეზიდენტმა დედაენის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის ის თარიღი, როდესაც ჩვენ 1978 წელს შევძელით და დავიცავით ჩვენი დედაენა.



ზოგიერთი თქვენთაგანი ალბათ მაშინ დაბადებული არ იყო, მაგრამ გსმენიათ საბჭოთა კავშირში როგორ იდევნებოდა ნებისმიერი განსხვავებული აზრი.

შეუძლებელი იყო ადგილი ჰქონოდა ნებისმიერ დემონსტრაციას, რაიმე ტიპის გამოსვლას. ეს იყო სისტემა, როდესაც ადამიანებს არ ჰქონდათ თავისი აზრის გამოთქმის უფლება და 1978 წელს ცენტრალურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ არა მარტო ჩვენი აზრის გამოთქმის უფლებისთვის დავესაჯეთ, არამედ წაერთმიათ ჩვენთვის ჩვენი დედაენა - ის ქართული ენა, რომელსაც დღეს თქვენ სწავლობთ და, რომელითაც დღეს თქვენ კონსტიტუციას სწავლობთ.

და აი სწორედ, კონსტიტუციაში გეგმავდნენ ჩაწერას, რომ ქართული არ იქნებოდა სახელმწიფო ენა და, მაშინ გაერთიანდა მთელი საზოგადოება და ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში.

მაშინ მე ვიყავი სწორედ იმხელა, რამხელაც ახლა ამ კლასში არიან ეს ბავშვები. მაშინ პირდაპირ რუსთაველზე გავიდა ჩემი კლასი. ბუნებრივია, ბოლომდე ვერ ვხვდებოდით რა ხდებოდა, მაგრამ მერე და მერე იმის გააზრებამ, თუ რა გააკეთა ჩვენმა საზოგადოებამ მიმიყვანა იმ რწმენამდე, რომ ჩვენ, ყველა ერთად ძალიან ძლიერი ხალხი და საზოგადოება ვართ.

1978 წლის 14 აპრილს, იმ სისტემაში, სადაც ადამიანებს არაფრის უფლება არ ჰქონდათ, ჩვენმა საზოგადოებამ დაიცვა ყველაზე მნიშვნელოვანი, დაიცვა ჩვენი ისტორიული საფუძველი და ფუნდამენტი, დაიცვა უნიკალური ენა, რომელსაც გააჩნია უნიკალური ანბანი და შეძლო ეს გაეტარებინა სახელმწიფოებრივ დონეზე და შეძლო კომუნისტური სისტემისათვის შეეცვლევინებინა პოზიცია.

დღეს მე, მთელ ქართულ საზოგადოებას ვულოცავ ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას - ჩვენი სულის გამარჯვებას იმ დიქტატურაზე, რომელიც ცდილობდა ყველაფერი ეროვნული წარეთმია ჩვენთვის.

დღეს ამას თქვენც გილოცავთ განსაკუთრებით და თქვენთან ერთად ვზეიმობ ამ დღეს. კიდევ ერთხელ, იმედი მაქვს, რომ ქართული ენის შესწავლით, კონსტიტუციის შესწავლით, იმ განსაკუთრებული შრომისმოყვარეობით, რომელიც ეთნიკურად აზერბაიჯანელებს ახასიათებთ, იმ განსაკუთრებული მეგობრობით, რაც ჩვენ, კავკასიელებს ერთმანეთის მიმართ გვახასიათებს, ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს საქართველოს კიდევ უფრო ძლიერს გავხდით და კიდევ უფრო წინ წავიყვანთ.

კიდევ ერთხელ, გილოცავთ ამ კურსის წარმატებულ დასრულებასა და კიდევ ერთხელ გილოცავთ 14 აპრილს!"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.



საქართველოს პრეზიდენტი ყარაჯალას სკოლაში სასწავლო პროცესს გაეცნო და ქართული ხალხური ცეკვის საბავშვო ანსამბლის რეპეტიციას დაესწრო, რომლთა საკონცერტო კოსტიუმების შეძენაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდება.



საქართველოს პრეზიდენტის ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას დაესწრნენ  პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი, პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner