ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, წარსულში ნასამართლევი ა.ხ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 27 დეკემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე ზ.ღ. მივიდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში მცხოვრებ ა.ხ.-სთან, სადაც მოუვიდათ ურთიერთშელაპარაკება. შელაპარაკების დროს ზ.ღ.-მ ხელი გაარტყა ა.ხ.-ს სახის არეში. აღნიშნულით განაწყენებულმა ა.ხ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით ზ.ღ.-ს გულმკერდის არეში დანა დაარტყა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ზ.ღ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ა.ხ. 2016 წლის 29 დეკემბერს ქალაქ ოზურგეთში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ა.ხ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.