გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან არჩილ ყაზაიშვილთან ერთად ვაკიჯვარი-ფამფალეთი-მთისპირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
4 865 მ სიგრძის შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია გასულ წელს დაიწყო. პროექტი 3-ეტაპიანია. მიმდინარეობს სამუშაოების მე-2 ეტაპი.
სამშენებლო სამუშაოები ფინანსდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დავიწყეთ ვაკიჯვარი-ფამფალეთი-მთისპირის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. ამ სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობას მრავალი წლის განმავლობაში უწევდა არაკომფორტულ პირობებში გადაადგილება. გზა კეთდება კაპიტალურად. პროექტით გათვალისწინებულია სანიაღვრე არხებისა და მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებთან გადასასვლელების მოწყობა. სამუშაოებზე 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება",- აღნიშნა გუბერნატორმა.
ვაკიჯვარი-ფამფალეთი-მთისპირის დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია მომავალ წელს დასრულდება.
სამუშაოებს სამშენებლო კომპანია შპს „გზები და კეთილმოწყობა" ახორციელებს.